ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იქ განვითარებული მოვლენები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა.
“ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ეხმიანება გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა, რაც ცხადია აჩენს კითხვის ნიშნებს, წარმოადგენს დამოუკიდებელი ინსტიტუციის სახელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და არ ჯდება იმ სამართლებრივ ფორმებში, რომელიც მნიშვნელოვანია პროცესების ნდობის თვალსაზრისით.”- ნათქვამია განცხადებაში.