8 წელია ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს – უდუმაშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე

„ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, ხანდახან შეურაცხმყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის ამ მოლაპარაკებებიდან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენ რუსული მხარისგან ვიღებთ ინფორმაციას, თუ რას შეეხებოდა ეს საუბარი და რაზე იყო მოლაპარაკებები. ტრადიციულად, ჩვენ მიჩვეული ვართ 8 წლის განმავლობაში, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, ხანდახან შეურაცმხყოფელ განცხადებებს და თავდახრილი გამოდის ამ მოლაპარაკებებიდან. ეს არის, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ არის, სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს რუსეთი“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. როგორც სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.