8 წლის ბიჭს, რომელსაც შარტავას ქუჩის ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

8 წლის ბიჭს, რომელსაც თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე მანქანა დაეჯახა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ, ”ინტერპრესნიუსს”  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

“ოპერაციული ჩარევები ისევ მიმდინარეობს. მენჯ-ბარძაყის ფიქსაცია ჩატარდა, მუცლის ღრუზე ჩატარდა ოპერაციული ჩარევა და ასევე, ახლა უროლოგიური ოპერაცია მიმდინარეობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უკიდურესად მძიმეა“, – აცხადებენ კლინიკაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, შარტავას ქუჩის ტროტუარზე  8 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.  ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.