რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, აშშ საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმარება -პენტაგონი

ამერიკის შეერთებული შტატების, თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის, რუსეთის აგრესიისა და გავლენისგან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში დაეხმაროს. ამის შესახებ, ინფორმაცია, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინმა აშშ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში უჭერს მხარს.

„თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც, თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა დაეხმაროს საქართველოს, რუსული აგრესიისა და მავნე გავლენების ფონზე, თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

ორივე ლიდერმა აღნიშნა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე და გამძლეობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ემყარება. თავდაცვის მდივანმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა მინისტრ ბურჭულაძეს საქართველოს წვლილისათვის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ქართული ჯარის მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის. მინისტრმა ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს და სამომავლო თანამშრომლობა უნდა დაემყაროს ბოლო წლების მიღწევებს“,-წერია პენტაგონის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი 4 მარტს შედგა.