9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა (ფოტოგალერეა)

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.

31 წლის წინ, 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა.

8 აპრილს საქართველოს პარტიულმა აქტივმა მოიწონა გადაწყვეტილება მიტინგის სამხედრო ძალით აღკვეთის თაობაზე (საწინააღმდეგო აზრი შეკრების მხოლოდ ორმა მონაწილემ გამოთქვა). მომიტინგეთა დასაშინებლად იმავე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტანკი გაატარეს, ხოლო თბილისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მიტინგის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიტინგის აღკვეთის ოპერაციას ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ იგორ როდიონოვს დაევალა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რუსულმა ჯარმა მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენეს.  სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალი. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის, უფროსი კი 70 წლის იყო.

9 აპრილის დარბევისას დაიღუპნენ:

  1. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  2. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლი
  3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  4. მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  5. აზა ადამია, 22 წლის
  6. მანანა მელქაძე, 23 წლის
  7. ნატო გიორგაძე, 23 წლის
  8. ნინო თოიძე, 25 წლის
  9. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  10. გია ქარსელაძე, 25 წლის
  11. თამუნა დოლიძე, 28 წლის
  12. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  13. მანანა ლოლაძე, 33 წლის
  14. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  16. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  17. თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  18. ვენერა მეტრეველი
  19. ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  20. თინა ენუქიძე, 70 წლის
  21. შალვა ქვასროლიაშვილი

9 აპრილის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ფართო მოძრაობა დაიწყო, რაც 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა.

ფოტოები: Tabagari