9 მაისს პუტინმა შესაძლოა ომი უკრაინას ოფიციალურად გამოუცხადოს – CNN

CNN აშშ–სა და დასავლელი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა, შესაძლოა, 9 მაისს, “გამარჯვების დღეს” ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას.

მედიის ცნობით, ეს პუტინს საშუალებას მისცემს, რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციაა მოახდინოს, რადგან ის ცდილობს, დაიპყროს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინა.

ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ პუტინი გამოიყენებს 9 მაისის სიმბოლურ მნიშვნელობას და პროპაგანდისტულ ღირებულებას, რათა გამოაცხადოს სამხედრო მიღწევა უკრაინაში, საომარი მოქმედებების ძირითადი ესკალაცია, ან ორივე ერთად.

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანის, ბენ უოლესის აზრით, “პუტინი შეეცდება, გადავიდეს თავისი “სპეციალური ოპერაციიდან”. მისი განცხადებით, პუტინი საფუძველს იქმნის, რათა თქვას, რომ ის ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვის და სჭირდება მეტი ხალხი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ორშაბათს განაცხადა, რომ არსებობს „კარგი საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ რუსები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამოიყენონ 9 მაისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის”.

ცნობისთვის, რუსი ოფიციალური პირები და თავად პუტინი უკრაინასთან ომს ამ დრომდე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებენ”. რაც შეეხება 9 მაისს, რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, ისინი ოპერაციას ხელოვნურად არ დააჩქარებენ “გამარჯვების დღისთვის”.