“გუნდის შიგნით ბრძოლაა, ღარიბაშვილის ხალხის გაწმენდა მიმდინარეობს” – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ძალიან მეცინებოდა, რომ ერევანში კობახიძის ვიზიტი დასავლეთისკენ შემოტრიალების ნაბიჯად ჩაითვალა. დაბუნდა თუ არა იქიდან, უზარმაზარი გასროლა გააკეთეს [“ქართული ოცნების” წევრებმა] და მთელი დღე ილანძღებოდნენ. ეს პაპუაშვილი საერთოდ მაგისთვის არის მგონი, რომ სულ უნდა ილანძღოს.

რაღაცნაირი ბალანსი დაიჭირეს – ორი დღის წინ ჰქონდათ პროდასავლური დღე, დღეს კი ანტიდასავლური დღე, ხვალ რა იქნება? სინამდვილეში კლოუნადა არის ეს ყველაფერი. არანაირი შანსი დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის ამ პოლიტიკით ახლა არ გვაქვს. ბუნებრივია, რაღაც შეხვედრები იქნება, რაღაც კონტაქტები იქნება, კეთროვანივით არ გეპყრობიან, მაგრამ ძირეულად არაფერი არ შეიცვლება.

ამას ხვდება “ქართული ოცნებაც”, რომ მათ დაუშვეს უმძიმესი შეცდომა, როდესაც ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში ძალიან მალე მოიგებდა რუსეთი და მაშინ ეს მათი თავდაცვითი პოზიცია იყო, რომ “გამარჯვებულ რუსეთთან” სალაპარაკო ჰქონოდათ”, – განაცხადა მელაშვილმა