რუსული ელიტები უკმაყოფილონი არიან ომით, ეკონომიკითა და ცენზურით: კრემლი განხეთქილებას უახლოვდება-The Washington Post

The Washington Post წერს, რომ რუსეთის ჩინოვნიკებსა და კრემლთან დაახლოებულ წრეებში იზრდება გაღიზიანება უკრაინის წინააღმდეგ ომის, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და შეზღუდვების გამკაცრების გამო — მათ შორის, ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემებისა და ქვეყნის შიგნით „ხრახნების მოჭერის“ გამო.

ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ ყოფილ Z-პროპაგანდისტს ილია რემესლოს, რომელიც ადრე ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობდა და პუტინის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა, ახლა კი საჯაროდ მოითხოვა მისი გადადგომა და ის სამხედრო დამნაშავედ მოიხსენია.

ამის შემდეგ რემესლო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა უკვე ერთ თვეში გაათავისუფლეს, რაც თანამედროვე რუსეთისთვის უჩვეულოა.

თავად ის ამტკიცებს, რომ სისტემის ნაწილი „უკვე იწყებს პუტინის წინააღმდეგ მუშაობას“ და მიმდინარე პროცესებს საბჭოთა კავშირის ბოლო წლებს ადარებს, როდესაც ელიტებმა თავად დაიწყეს სისტემის შიგნიდან ნგრევა.

ამასობაში პუტინის ადმინისტრაციასა და ძალოვნების ნაწილს შორის კონფლიქტზე საუბრობს მიხეილ ხოდორკოვსკიც. მისი თქმით, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი თითქოს ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ რუსეთში ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს.