ირანის ხელისუფლებამ ცნობილი მომღერალი პარსთუ აჰმადი და მისი მუსიკალური ჯგუფისა და გადამღები ჯგუფის ოთხი წევრი გააშოლტინა: თითოეულმა 74 დარტყმა მიიღო. სასჯელის მიზეზი აჰმადის გამოსვლა იყო ჰიჯაბის გარეშე.
ადვოკატების ცნობით, სასჯელი ქალაქ ყუმში აღასრულეს. სწორედ იქ გაიმართა 2024 წელს კონცერტი, რომელიც მომღერლის YouTube-არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო.
მაშინ 29 წლის აჰმადი კაბით გამოვიდა, რომელსაც მხრები ღია ჰქონდა, თავი კი დაუფარავი. ირანის კანონები ქალებს საჯაროდ სიმღერას უკრძალავს და ავალდებულებს, ჰიჯაბი და სხეულის დამფარავი ტანსაცმელი ატარონ.
ამ წლის ივნისში ყუმის სისხლის სამართლის სასამართლომ აჰმადი და კიდევ რვა ადამიანი დამნაშავედ ცნო „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფაში“ — „უხამსი და უწესო მასალების“ გამოქვეყნების გზით. ბრალდებულებმა ბრალდებები უარყვეს.
გაშოლტვა საჯაროდ არ მომხდარა. ერთ-ერთი მსჯავრდებულის ადვოკატმა BBC-ს განუცხადა, რომ სასჯელი ყუმის სისხლის სამართლის სასჯელთა აღსრულების სამმართველოს მესამე განყოფილებაში აღასრულეს. 74 დარტყმის გარდა, მსჯავრდებულებს ორი წლით აუკრძალეს ვიდეო- და აუდიომასალების ჩაწერა და ქვეყნის დატოვება.
ადვოკატების ცნობით, სექტემბრის ბოლოს ყუმის სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულების საჩივრები არ დააკმაყოფილა და განაჩენი ძალაში დატოვა.
წამების აკრძალვის დარღვევა
განაჩენს ირანელი ხელოვანებისა და უფლებადამცველების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათ აღნიშნეს, რომ გაშოლტვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი სასჯელია, რომელიც წამების საერთაშორისო აკრძალვას არღვევს.
„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ განაჩენი გაუქმებულიყო, ან სასჯელი მაინც შემსუბუქებულიყო, ან მისი აღსრულება გადადებულიყო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა, — თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა. — შესაბამისი განყოფილების თანამშრომლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სასჯელი დაუყოვნებლივ აღსრულებულიყო“.
რეფორმისტულმა ყოველდღიურმა გაზეთმა Etemad-მა, დაცვის კიდევ ერთ ადვოკატზე, მოუსტაფა ნილიზე დაყრდნობით, დაასახელა იმ ოთხი მამაკაცის ვინაობა, რომლებიც აჰმადისთან ერთად გააშოლტეს. ესენი არიან სოჰეილ ფაღიჰ-ნასირი, ამინ თაჰერი, ამირალი პირანია და მოჰსენ ლაშქარი.
„პარსთუ აჰმადის გაშოლტვა იმის გამო, რომ ის მღერის და ისე იცვამს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, მისი ძირითადი უფლებების უხეში დარღვევაა და შემაძრწუნებლად ცხადყოფს, რამდენად მტკიცედ არიან განწყობილი ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩაახშონ ქალთა თავისუფლება და სასტიკად დასაჯონ ყველა, ვინც მათი დისკრიმინაციული კანონებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ წასვლას გაბედავს“, — განაცხადა ბაჰარ განდეჰარიმ, აშშ-ში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა ცენტრის (CHRI) უფლებადამცველი საქმიანობის დირექტორმა.
ირანის კანონმდებლობით, რომელიც ქვეყანაში შარიათის ინტერპრეტაციას ეფუძნება, ქალებმა და სქესობრივი მომწიფების ასაკს მიღწეულმა გოგონებმა თმა ჰიჯაბით უნდა დაიფარონ და გრძელი, თავისუფალი ტანსაცმელი ატარონ, რომელიც სხეულის კონტურებს ფარავს.
ასობით სიკვდილით დასჯა
2022 წელს ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც პატიმრობაში გარდაიცვალა 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი. იმავე წლის სექტემბერში თეირანში ის ზნეობის პოლიციამ დააკავა — სავარაუდოდ, ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო.
სასულიერო ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციების დროს ქალები თავსაფრებს წვავდნენ ან ჰაერში იქნევდნენ. საპროტესტო აქციების ჩახშობისას უსაფრთხოების ძალებმა ასობით ადამიანი მოკლეს.
მას შემდეგ ირანში ბევრმა ქალმა და გოგონამ საზოგადოებრივ ადგილებში თმის დაფარვაზე უარი თქვა, რაც ღია დაუმორჩილებლობის ჟესტად იქცა. ხელისუფლება პერიოდულად პასუხობდა დაპატიმრებების ტალღებით, გაფრთხილებებით, საწარმოების დახურვითა და სხვა შემზღუდავი ზომებით.
ამ წლის იანვარში ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით კი დააკავეს, როცა უსაფრთხოების ძალებმა ანტისამთავრობო მასობრივი პროტესტის ახალი ტალღა ჩაახშეს. ამჯერად გამოსვლების მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი იყო.
მას შემდეგ, რაც ამ წლის თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების მონაწილეების სიკვდილით დასჯა კიდევ უფრო გაააქტიურა.
ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის, Iran Human Rights-ის მონაცემებით, იანვრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული სულ მცირე 39 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს; 2022 წლის გამოსვლებში მონაწილეობისთვის კი — კიდევ ორი.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა 16 ადამიანი, რომლებიც, სავარაუდოდ, აკრძალულ ოპოზიციურ დაჯგუფებებთან იყვნენ დაკავშირებული, და კიდევ 17 — ჯაშუშობის ან უცხო სახელმწიფოებთან თანამშრომლობის ბრალდებით.
ორგანიზაციის ცნობით, იანვრის საპროტესტო აქციების კიდევ 121 მონაწილეს, მათ შორის ექვს ქალსა და ხუთ არასრულწლოვანს, რომლებსაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს სრულწლოვანებისთვის არ ჰქონდათ მიღწეული, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და განაჩენის აღსრულებას ელოდებიან.


