რუსეთში საწვავის საცალო გაყიდვას კვლავ ზღუდავენ

რუსეთში საწვავის კრიზისის გამო ბენზინის გაყიდვას კვლავ ზღუდავენ. კრიზისი უკრაინული დრონებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგებს უკავშირდება.

კერძოდ, სამშაბათიდან, 23 ივნისიდან, ვორონეჟის ოლქში „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე შეზღუდვები ამოქმედდება. ვორონეჟის ტერიტორიაზე ერთ ჯერზე ავზში ჩაასხამენ მაქსიმუმ 30 ლიტრ ბენზინს და 60 ლიტრ დიზელს, ტრასებზე კი — 60 ლიტრ ბენზინს და 200 ლიტრ დიზელს, წერს გაზეთი „კომერსანტი“.

22 ივნისის საღამოს ომსკის ოლქის გუბერნატორმა ვიტალი ხოცენკომაც განაცხადა, რომ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე ლიმიტები წესდება — 40 ლიტრი ბენზინი და 80 ლიტრი დიზელი. მისი თქმით, ეს „ხელოვნური აჟიოტაჟისა და სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად“ ხდება.

მსგავსი განცხადებით გამოვიდა ირკუტსკის ოლქის ხელმძღვანელი იგორ კობზევიც. მისი თქმით, ცალკეულმა ბენზინგასამართმა სადგურებმა ბენზინის გაცემაზე შეზღუდვები უკვე დააწესეს, ზოგიერთმა კი მომსახურება საერთოდ შეწყვიტა. მან აღიარა, რომ საწვავის კრიზისის ფონზე ხელისუფლება იძულებულია „ხელით მართვის რეჟიმზე გადავიდეს“. გარდა ამისა, სარატოვის ოლქში 23-დან 30 ივნისამდე აკრძალულია ერთ ავტომობილზე 30 ლიტრზე მეტი ბენზინის გაყიდვა, განაცხადა გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა.

მსგავს შეზღუდვებზე ცნობები ვრცელდება ამურის, ტამბოვის, ლიპეცკის, ტულის, ტვერისა და ვლადიმირის ოლქებშიც.

The Bell: საწვავის პრობლემა რუსეთის 53 რეგიონშია

The Bell-ის გათვლებით, ივნისის შუა პერიოდისთვის საწვავის პრობლემა რუსეთის რეგიონების უმეტეს ნაწილში შეინიშნება. კერძო ავტომობილებისთვის საწვავის გაცემაზე დროებითი შეზღუდვები რუსეთის 53 რეგიონში, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინულ ტერიტორიებზეა დაწესებული.

მაისში რუსეთში ნავთობის მოპოვება წლის მინიმუმამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობბაზებზე დრონებით შეტევები გააძლიერა. Reuters-ის მონაცემებით, მაისის ბოლოს დარტყმების გამო ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ნავთობის ინდუსტრიის თითქმის ყველა მსხვილ ობიექტს მუშაობის შემცირება ან შეჩერება მოუწია.