ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საკოსტიტუციო სასამართლოში დაიბარეს, სადაც როგორც ირკვევა, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციონერები სოციალურ ქსელში წერენ.
„21, 22, 23 ოქტომბერს ოქროს ურდოს ბათუმის ფილიალში დამიბარეს: საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს პარტიების გაუქმებასო. PS მანამდე რამდენიმე შეხვედრა, ეთერი, კონფერენცია ჩავატაროთ რა, რომ ყველანაირ არჩევნებში შევდივართ და ყველა პარლამენტში და ყველა საკრებულოში წევრნახევარი უნდა გვყავდეს. ვთპ“ – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია.
„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად – 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია“, – წერს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე.
„საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო. ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობას ან/და ფედერალისტებსაც ხომ ვერ დამაკავშირებო, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხო არ გგონივართ-მეთქი? წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ “ნაცმოძრაობის” საკონტაქოთქო. მგონი უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე”, – წერს გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერი ბერდია სიჭინავა.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც მკაცრად დაგმო „ქართული ოცნების“ მცდელობა, გააუქმოს ოპოზიციური პარტიები. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასამართლო მექანიზმების გამოყენება ლეგიტიმური ოპონენტების გასანადგურებლად დემოკრატიასთან შეუთავსებელია და სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გაწვევა მოითხოვეს. რეზოლუციაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საბოლოოდ შეუძლებელს გახდის.


