რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტში ფრენები შეიზღუდა.
სობიანინის თქმით, მათგან 180 მოსკოვთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. მოსკოვის აეროპორტებში შეფერხებულია 87 რეისი, კიდევ 11 გაუქმებულია შეზღუდვების გამო. ყველაზე მეტი შეფერხებაა ვნუკოვოში – 54 რეისი. შერემეტიევოში შეფერხდა 28 თვითმფრინავი, დომოდედოვოში – 5. რეისების ნაწილი გადამისამართებულია სხვა აეროპორტებში.
13 ოქტომბრის საღამოს „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მოსკოვის ყველა აეროპორტში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მათივე ცნობით, მოსკოვისკენ მფრინავი 10-ზე მეტი თურქული თვითმფრინავი უკან დააბრუნეს.


