ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე დოკუმენტი სახელწოდებით – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ – 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციების, მათ შორის, აქტივების გაყინვისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ძირის გამოთხრასა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
ამ სიაში მოხსენიებულნი არიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და სხვა მაღალჩინოსნები, ასევე მოსამართლეები, პროკურორები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ამასთან, ევროპარლამენტარები სინანულს გამოთქვამენ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს უმოქმედობის გამო, რომლებმაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისთვის პასუხისმგებელ პირებს სანქციები ამ დრომდე ვერ დაუწესეს.
დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მოითხოვს როგორც მათი, ისე საქართველოში მყოფი ყველა პოლიტპატიმრისა და უკანონოდ დაკავებული პირის, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.
რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს „თვითდანიშნულ ხელისუფლებას“, სრულად სცეს პატივი სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს, უზრუნველყოს ბურჭულაძის წვდომა სათანადო სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებაზე, ოჯახთან მის რეგულარულ კონტაქტსა და საკონსულო წვდომის უფლებაზე (პაატა ბურჭულაძე საქართველოსა და ავსტრიის ორმაგი მოქალაქეა).
გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოითხოვენ ხელოვანების, ოპოზიციური ფიგურების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო შევიწროების შეწყვეტას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფას, ასევე დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების, დაშინებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დამოუკიდებელ გამოძიებას.
ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერი პროგრესისთვის აუცილებელი პირობაა.


