კორუფციაში ბრალდებული ექს-პრემიერის – ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
საქმის განხილვა, მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ღია რეჟიმში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა პროცესის სრულად დახურვას ითხოვდა.
ღარიბაშვილის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, ყოფილი პრემიერის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, რადგან ბრალი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებას ეფუძნება, რომლებმაც „შეღავათები მიიღეს და შესაბამისად, ერთადერთი მათი მიზანი იყო საკუთარი თავისუფლების მოპოვება“.
დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელსაც თავად ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდა, მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.
სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ, საქმეს დაურთოს ღარიბაშვილის ერთ-ერთი ის წერილი, სადაც ყოფილი პრემიერი მამუკა მდინარაძეზე საუბრობს. მოსამართლის განცხადებით, აღნიშნულმა მტკიცებულებამ დასაშვებობის კრიტერიუმი არ დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, „მდინარაძე აუცილებლად უნდა გამოეკითხათ და გამოძიებაც დაეწყოთ“.
პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ მისცეს. მათი ჩვენების შესაბამისად, შესყიდვების, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან 750 000 ლარი ირაკლი ღარიბაშვილს ხელზე გადასცა, 750 000 ლარი კი თავად დაიტოვა. შედეგად, გამოძიების თანახმად, სახელმწიფოს დიდი ოდენობით – 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.


