ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ამ წუთებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები.
ადგილზე უკვე მივიდნენ „ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ასევე, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი.
ოპოზიციისა და ევროპელი ელჩების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა:
„ქვეყანაში მთავარი თემა არის დემოკრატიის განადგურება და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის რომელიც რეალურად იქნება ანტისაოკუპაციო ხაზის მატარებელი, რეალურად ოპოზიციური და რა თქმა უნდა, ეს კარგად ესმის ყველას. ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ეხება არამხოლოდ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არამედ ეხება ევროპულ უსაფრთხოებას. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, ზოგადად, უნდა გვქონდეს ჩვენ ბუნებრივ მოკავშირეებთან ურთიერთობა მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძვის“, – აცხადებს ფავლენიშვილი.
უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ელჩებთან ისაუბრეს იმაზე, „თუ როგორ ავაცილოთ სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის მას „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა. ეს არის მთავარი ამოცანა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება მოუტანოს ამ ავანტიურამ. ეს არის ძირითადი განხილვის საგანი. ვიმეორებ, ჩვენი ამოცანაა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
„ქართული ოცნების“ საკოსტიტუციური სარჩელის განხილვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხს ეხება, 21 ოქტომბრიდან დაიწყება. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, მმართველი პარტიის წევრები – არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.


