რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, რომელმაც თბილისში მოკლული ინდოეთის მოქალაქის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა, ფეისბუქზე ემოციურ სტატუსს წერს რასიზმის ნიადაგზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით:
დღეს მკვდარს ვეძებდი, “ფერადკანიან მკვდარს”.
იტყვის ალბათ ბევრი, მოსტყვნია პატრონი “ფერადკანიან მკვდარს”, რას დასდევდი, ჩვენი მკვდრები არ გვეყოფაო?..
მკვდარს კი მალევე მივაგენი (შორს ვერ წავიდოდა), მაგრამ მკვდრის პატრონი მთელი დღე ვეძებე – პაკისტანელი ქალი, მუქი ფერის კანით, ნუშისებრი შავი თვალებით და ორი შვილით, პატარა ბიჭებით.
ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ,
მერე მისი სიტყვები ზოგი ბრჭყალებში ჩავსვი, ზოგი მესამე პირში გადავიყვანე, იქ შსს-ს ველაპარაკე, აქეთ პროკურორს, სახალხო დამცველიც მოვიკითხე და ბოლოს დავწერე პატარა სტატია, როგორ მოკლა მეზობელმა ინდოელი კაცი, წინასწარი ვერსიით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და როგორ ეძებს ახლა ცოლი ქმრის გვამს, რადგან არავინ გააგებინა, არავინ აუხსნა, სად მიაკითხოს თავის მკვდარს:
– შენ ხომ არ გინახავს ჩემი ქმრის გვამი? გუშინ რომ მოკლეს, მე მას მერე აღარ მინახავს.
აი, ასე შემომჩივლა “ფერადკანიანმა პაკისტანელმა” ქალმა.
… გვიან საღამოს, მიწის ზევიდან რომ ვერაფერს გავყევი სახლამდე, ჩავედი მეტროში, გავირჭე ყურსასმენები, კუთხის სკამზე მოვიკეცე და ფიქრის დროც გაჩნდა:
წარმოიდგინე, ხარ “ჭუჭყიანი პაკისტანელი”, რამდენიმე საათის წინ მოგიკლეს “ბინძური ინდოელი” ქმარი. დაგრჩა ორი პატარა შვილი და იცი, რომ გარშემო თითქმის ყველას ეზიზღები და ნეტა, რას გრძნობ ამ დროს? გეშინია? თავი გეცოდება? სასოწარკვეთილი ხარ?..
ჰოდა, მართალია ეს ხალხი, რომ ამბობს წაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდანო.
დიახ, უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, დროზე უნდა წახვიდე და წაიყვანო შენი “მურიანი, ნაბიჭვარი შვილებიც” და აღარ ჩამოადგა აქ ფეხი, აღარ გაბედო აქ ჩამოსვლა, რომ არ გაგინონ, არ გწყევლონ და ბოლოს არ მოგკლან.
არადა, მითხრა იმ “ბინძურმა პაკისტანელმა” ქალმა, ინდოეთიდან ამ ქალაქში უკეთესი ცხოვრების საძებნელად ჩამოვედითო.
“ბინძური პაკისტანელი” ცოლი, “ჭუჭყიანი ინდოელი” ქმრის გვამს რამდენიმე დღეში დელიში გაუშვებს დასაწვავად.
თვითონ კი დარჩება აქ თავის “ნაბიჭვრებთან” ერთად ალბათ სასამართლოს დასრულებამდე.
ყველაფერი ძალიან კარგად არის! საქართველოში ერთით ნაკლები “დედამოტყნული ინდოელი” დაიარება!
ვაშა, ვაშა, ვაშა. “ – წერს ჟურნალისტი.
6 თებერვალს, თბილისში, ისნის რაიონში მოკლული 33 წლის ინდოეთის მოქალაქის ცოლი, რიფატ აჰმადი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის მკვლელობა რასობრივ ნიადაგზეა ჩადენილი.
შსს-ს ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქე 6 თებერვალს, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მეზობელმა. ინდოეთის მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
მკვლელობის მომენტი აღბეჭდილია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოზე, რომელსაც თავად ინდოეთის მოქალაქე იღებდა. კადრში ჩანს, როგორ იღებს ჯიბიდან ცეცხლსასროლ იარაღს კაცი და ესვრის მას. ვიდეო-კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
ინდოეთის მოქალაქე ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა. შეიძინა მიწის ნაკვეთი და ისანში, სოლომონ დოდაშვილის 15 ნომერში სახლის შენება დაიწყო. სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის სწორედ საცხოვრებელი სახლის ღობის გამო დაიწყო.
„თითქმის ერთი წელია სახლს ვაშენებთ. ამ პერიოდში გამუდმებული დავა გვქონდა მეზობელთან. არაერთხელ გამოვიძახეთ პოლიცია, მივმართეთ მერიასაც, თუმცა, საბოლოოდ, ჩემი ქმარი მაინც მოკვდა. ახლა უსაფრთხოდ ვერც საქართველოში ვეღარ ვგრძნობ თავს. გუშინ, ინცინდენტის შემდეგ, პოლიციის შენობასთან, მკვლელის შვილი დამიპირისპირდა, მეგონა, მომკლავდა. მეშინია. მე არაფერი მინდა. მხოლოდ ის მინდა, რომ სამართალი აღსრულდეს. მინდა, რომ მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს. ვცდილობდით აქ აგვეწყო ცხოვრება, რადგან იცით, რა მდგომარეობაა ინდოეთსა და პაკისტანში. გვინდოდა მოქალაქეობის მიღება, მაგრამ სამინისტრომ უარი გვითხრა“, -უთხრა მოკლული კაცის ცოლმა რადიო თავისუფლებას.
შსს-ს ინფორმაციით, მოკლული კაცის ცოლის მიერ ნახსენები დაპირისპირება პოლიციის შენობასთან, არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
რიფატ აჰმადის თქმით, დამატებით ინფორმაციას ჟურნალისტებს ის მას შემდეგ მიაწვდის, რაც მოაგვარებს ქმრის ინდოეთში გადასვენების საკითხს: “იმედი მაქვს, ინდოეთის საელჩო დამეხმარება, რომ დროულად გადავასვენოთ ჩემი ქმარი ინდოეთში”.
გარდაცვლილს 12 და 5 წლის შვილები დარჩრა.
რადიო თავისუფლების ფოტო.