პროკურატურის ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე, რომლითაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იყო დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
პროკურატურის ინფორმაციით, გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.
“წინასწარ შემუშავებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა გ.ა.-ს, ა.ღ.-ს, მ.ბ.-ს და ა.ა.-ს. მიხეილ სააკაშვილის განზრახ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, მსჯავრდებული პირების მიმართ სასჯელის განახევრების გამო შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, რის საფუძველზეც მსჯავრდებულები სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა მოქმედებებმა, განაპირობა ის, რომ გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება და არ შესრულდა სასჯელის მიზნები. ამავდროულად, აღნიშნულით უზრუნველყოფილი იქნა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დ.ა.-ს და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში. მას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი:
„სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. – ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 18 ივლისის განაჩენის მიხედვით, ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, დამნაშავედ სცნეს, და სასჯელის ზომად მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
გირგვლიანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის, გამოძიების გაყალბების და ციხეში მსჯავრდებულებისთვის კანონთან შეუსაბამო კომფორტული პირობების შექმნისთვის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია კიდევ 7 პირის, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.