{{ARTICLEIMAGE}}
ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს, ბევრი ცვლილება შეეხო, ისინი მის ინსტიტუციურ როლს მაინც არ ცვლიან. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიახლეების ძალაში შესვლის შემდეგ, მომდევნო პრეზიდენტი არსებითად განსხვავებულ ჩარჩოში არ იმოქმედებს, ვიდრე ეს მოქმედ სახელმწიფოს მეთაურას უწევდა. კონსტიტუციური დებულების ანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად მისი თეორიული მნიშვნელობისა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები ყოველდღიურ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად არ გამოდგება. საგარეო ურთიერთობებშიც კი, სადაც მას შედარებით ფართო სივრცე აქვს. მისი ასპარეზი მთავრობის თანხმობითაა ზღვარდადებული. საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და თავდაცვის ძალების მართვის ნაწილში მისი ძალაუფლება ერთი მხრივ, კაბინეტითა და პარლამენტით ბალანსდება, მეორე მხრივ კი თავად ამ კომპეტენციებს არ აქვთ ქმედითი როლი საზოგადოებრივ პროცესებში. ამის გათვალისწინებით, ვეტოსთან ერთად, პრეზიდენტის მთავარ ინსტრუმენტად საკადრო გადაწყვეტილებები რჩება. ის მთელ რიგ საკვანძო თანამდებობის პირების გამწესებაში მონაწილეობს. მათ შეუძლიათ, გავლენა მოახდინონ მნიშვნელოვან პროცესებზე, ისინი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების თანამდებობის პირები არიან. შესაძლოა, ძალაუფლება თავად ქვეყნის პირველ პირს არ აქვს, მაგრამ ძალაუფლება აქვთ, მათ ვისაც ის თანამდებობაზე ნიშნავს.