Alaska Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავმა 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი დაკარგა, რის გამოც აშშ-ის ორეგონის შტატში ავარიულად დაშვება მოუწია. Boeing 737 Max 9 პორტლენდიდან კალიფორნიაში უნდა ჩაფრენილიყო, თუმცა აფრენიდან 35 წუთში, კორპუსის გარე ნაწილისა და ფანჯრის დაკარგვის შემდეგ, უკან დაბრუნდა.
Alaska Airlines-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორტზე ეკიპაჟის ჩათვლით 177 ადამიანი იმყოფებოდა და თვითმფრინავი „უსაფრთხოდ დაეშვა”. ეს ინფორმაცია აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომაც დაადასტურა.
ავიაკომპანიის ცნობით, ისინი 65-ივე Boeing 737 Max 9-ს დროებით გააჩერებენ და მათ ინსპექტირებას ჩაუტარებენ. „თითოეული თვითმფრინავი ექსპლუატაციაში მხოლოდ სრული ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების დასრულების შემდეგ დაბრუნდება”, – განაცხადა Alaska Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ მინიკუჩიმ. ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ.