ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობამ მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

სამოქალაქო მოძრაობამ და მისმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში სამოქალაქო მოძრაობის წევრის, ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინეს. წარდგენა ამაღლების ქუჩაზე მდებარე ლადოს ბაღში გაიმართა.
სამოქალაქო მოძრაობა არჩევნებში პირველად მონაწილეობს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მათი გუნდის ამოცანაა ადამიანებში ნიჰილიზმი გადატეხონ. “არ მინდა რომ ჩემი შვილები ხვალ და ზეგ უპერსპექტივობის გამო წავიდნენ ამ ქვეყნიდან. თავს ვალდებულად ვთვლი ჩვენი შვილებისთვს ვიბრძოლო. “ – ამბობს სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი. წარდგენას მოჭადრაკე ნანა იოსელიანიც ესწრებოდა, რომელმაც მთაწმინდელებს ლევან იოსელიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ლევან იოსელიანი წარსულში აქტიურ პოლიტიკაში არ მონაწილეობდა. ის პროფესიით იურისტია და 2014 წელს, როცა ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოში იყრიდა კენჭს, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. 2016-2017 წლებში ილინოისის შტატში, ჩიკაგოში მონაწილეობდა სასამართლოს მედიაციის პროგრამაში როგორც მედიატორი. 2018 წლიდან არის სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელი.
მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.