83 წლის მსახიობმა კანის 2019 წლის კინოფესტივალზე “ოქროს პალმის რტო“ მიიღო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის. ჯილდოს გადაცემისას მას თვალზე ცრემლი მოადგა და განაცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე ნათელი წერტილი იყო.
გასული საუკუნის 1960–1980–იანი წლების ყველაზე ლამაზ მამაკაცად აღიარებული მსახიობისთვის ჯილდოს გადაცემას ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები აპროტესტებდნენ. ისინი ალენ დელონს სექსისტურ, რასისტულ და ჰომოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებდნენ. მათ პროტესტი მაშინვე გამოთქვეს, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობს კანის ფესტივალზე ჯილდოს გადასცემდნენ და სპეციალური პეტიციაც შექმნეს. თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებმა აქტივისტების პროტესტი არ გაითვალისწინეს და მათ უპასუხეს, რომ ალენ დელონისთვის არა მშვიდობის პრემიის, არამედ კინოში გამორჩეული მოღვაწეობისთვის ჯილდოს გადაცემას აპირებდნენ და გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
ალბათ ამ საპროტესტო ფონის გამოც, ეს ჯილდო მსახიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ცერემონიაზე ის ქალიშვილთან, ანუშკასთან ერთად მივიდა, რომელიც მოდელ როსალი ვან ბრემენთან ქორწინებისას შეეძინა. დაჯილდოებისას მსახიობმა ემოციები ვერ შეიკავა და პრიზის მიღებისას ატირდა. “დიდი ხანია აი, ასე არ მიტირია. ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის დასასრულია, ჩემი ცხოვრების დასასრული“– განაცხადა სცენაზე ემოციებით შეპყრობილმა მსახიობმა.