ალექსანდრიის პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა, თეოდორ მეორემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. პარასკევს მან პირველად მოიხსენია მიტროპოლიტი ეპიფანია კაიროში გამართულ ლიტურგიაში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად.

არქიეპისკოპოსტმა ევსტრატიმ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბერძნულენოვანი დოკუმენტის სქრინშოთი, რომელშიც ნათქვამია რომ ხანგრძლივი განსჯისა და მრავალი ლოცვის შემდეგ ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქები მივდნენ გადაწყვეტილებამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის და მისი მეთაურის ცნობის შესახებ.
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამბობენ, რომ ისინი ღრმად დაამწუხრა ინფორმაციამ ალექსანდრიის პატრიარქის გადაწყვეტილების თაობაზე ეპიფანია დუმენკოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად აღიარებისა და ალექსანდრიის ეკლესიის დიპტიქებში მისი სახელის მოხსენიების შესახებ.

ალექსანდრიის საპატრიარქო მეორეა, ვინც ოფიციალურად აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. მანამდე ეს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, არქიეპისკოპოსმა იერონიმ მეორემ გააკეთა. ალექსანდრიის საპატრიარქო ავტოკეფალური, მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიაა, რომელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა დიფტიქში მე–2 ადგილი უკავია .

ის ინტენსიურ მისიონერულ მოღვაწეობას ეწევა ტროპიკულ და ეკვატორულ აფრიკაში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ვიქტორიის ტბის სანაპიროზე – კენიაში, ტანზანიაში და უგანდაში. მაგალითად უგანდის 20 მლნ. მოსახლეობიდან 1,5 მლნ მართლმადიდებელია. კენიაში, კონგოში და კამერუნში ეს ციფრი 1 მილიონს აღწევს. ტანზანიაში და სარ–ში – 40 000, მადაგასკარში – 15 000, განაში – 10 000, ბენინში – 2 000 და სხვა. ამჟამად აფრიკის კონტინენტზე არის 6 მლნ მართლმადიდებელი ქრისტიანი და მათი რიცხვი სწრაფად იზრდება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია წელს იანვარში მიიღო მსოფლიო პატრიარქის, ბათოლომეოსის გადაწყვეტილებით. მალევე თეოდორ მეორე ოდესას ეწვია და უკრაინის ეკლესიის იერარქებს საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერას დაპირდა.

ბართოლომეოსის გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ევქარისტული კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან.

2 ნოემბერს კი განაცხადა, რომ ევქარისტულ კავშირს შეწყვეტს ელადის ეკლესიასთანაც. რუსეთის ეკლესიის სინოდმა მსოფლიო პატრიარქი ელადის ეკლესიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

როგორ ვითარდებოდა ეკლესიების კონფლიქტი:

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიების კონფლიქტი 1990 წელს დაიწყო იმის გამო, რომ ქვეყანაში პარალელურად რამდენიმე მსხვილი მართლმადიდებელი დენომინაცია არსებობს.

2014 წლის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიამ, რომელიც უკრაინის ყველაზე მსხვილი ეკლესია იყო, პოზიციების დაკარგვა დაიწყო. მას რუსი პოლიტიკოსების მიმართ სიმპატიასა და დონბასში შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ.

პარალელურად არსებობდა არაღიარებული კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია. მის სათავეში პატრიარქი ფილარეტი იდგა, რომელმაც უკრაინაში ცალკე ეკლესია შექმნა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფილარეტი ანათემას გადასცა და განკვეთა.

უკრაინის აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო სულ უფრო მეტი ეპარქია და მღვდელი გადადიოდა მოსკოვის საპატრიარქოდან კიევის საპატრიარქოში. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ გადასვლებს “ეკლესიების რეიდერული მიტაცება უწოდეს.“

მას შემდეგ, რაც კიევის პატრიარქის გავლენა უკრაინაში გაძლიერდა, დაიწყო მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ უკრაინის მართლმადიდებლობას ავტოკეფალია სჭირდებოდა.რუსეთი ამ ინიციატივას პეტრე პოროშენკოს წინასაარჩევნო პროექტს უწოდებდა, რადგან სწორედ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მომხრეები ჩადიოდნენ კონსტანტინოპოლში და მსოფლიო პატრიარქთან ავტოკეფალიის პროექტს განიხილავდნენ.