ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს – ჯარის გადასავადებლად – ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მოკლედ, რა დღეში ვართ…?
ამ ქვეყანაში რელიგია ნაწილს ფულის საკეთებლად სჭირდება, ნაწილს – ჯარის გადასავადებლად.
პოლიტიკა და ხელის-უფლობა უნდათ გამორჩენისთვის და თავის წარმოჩენისთვის…
კულტურა – გრანტების, შემოსავლის, სტატუსის გამო…
ყველაზე პატიოსანი ხალხი, პრინციპში, ბიზნესმენებია: საკუთარ მიზნებს არ ნიღბავენ. კი, კონფორმისტები და ეგოისტები არიან, მაგრამ სიმართლის მხარეს ყოფნა და თანადგომა არცაა ბიზნესის დეკლარირებული მიზანი…
სრული პერვერსია… რელიგია – ჭეშმარიტების ძიების ერთერთი ინსტრუმენტი, რათა ადამიანი უკეთესი გახდე; ძალაუფლება – რათა შენ გარშემო სამყარო გახადო უკეთესი; კულტურა – როგორც შინაგანიდან წამოსული შემოქმედებითი იმპულსის მანიფესტაცია…
აქ ყველაფერი უკუღმაა.
ეს აღარ არის ქვეყანა, ეს არის ბაზარი. უარესი რომ არ ვთქვათ რამე… მეტყვიან, გამოსავალიო? მე ჩემთვის ეგ გამოსავალი ნაპოვნი მაქვს: არ ვუყურო სამყაროს მღრღნელის, მტაცებლის თვალით, მუდმივად ვადევნო თვალი თავს და მქონდეს თვითრეფლექსია. ცარიელი სიტყვებია ეს შენთვის? მაშ, გააგრძელე ძველებურად და გამოსავალს ნუღარ ჰკითხულობ!“ – წერს ცოტნე გამსახურდია.
შეგახსენებთ, ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე, რომელსაც წესს იმის გამო არ უგებენ, რომ “ბიბლიური თავისუფლების” წევრია.