ალერგოლოგი ბაჩუკი ბეგიშვილი ლონდონში ცხოვრობს. ის 20 წელია ლონდონის იმპერიალ კოლეჯის წმინდა მარიამის საავადმყოფოში, გულ-მკერდის და ალერგიების განყოფილებაში მუშაობს.
„კორონავირუსთან მე უშუალო შეხება არ მაქვს, თუმცა ჩვენი განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფილტვების დაავადებებზე ბევრი რამ ვიცი და ჩემი კოლეგებისგანაც, რომლებიც კოვიდ-19-ზე მუშაობენ, ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება ჩვენთან საავადმყოფოში“ – ამბობს ის “ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
დღეს, გაერთიანებულ სამეფოში, ინფიცირების 1 950 შემთხვევაა. აქედან, ბოლო ერთ დღეში 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 24-საათიან ინტერვალში 26%-იან ზრდას წარმოადგენს. კოვიდ-19-მა 45-დან 93 წლამდე ასაკის 71 ბრიტანელი იმსხვერპლა. როგორც იუწყებიან, თითოეული დაღუპული ადამიანი ერთ რომელიმე რისკ-ჯგუფში იყო. 71-დან 14 პაციენტი ბოლო ერთ დღეში გარდაიცვალა.
ბაჩუკი ბეგიშვილის თქმით, ბრიტანეთში მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ, ევროპის დანარჩენი ნაწილისგან საკმაოდ განსხვავდება. „აქ მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია სკოლების, ბარების, კაფეების დახურვის გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, ამას ერთ კვირაში მაინც გააკეთებენ. უკვე ამერიკამაც გადადგა ეს ნაბიჯი“.
თუმცა, უშუალოდ ორგანიზაციებში, დამოუკიდებლად ხდება საგანგებო ზომების მიღება. ჩვენი კლინიკაც მომავალი კვირიდან სატელეფონო ვიზიტებზე გადადის – ყვება ქართველი ალერგოლოგი. ასევე დამოუკიდებლად იხურებიან მუზეუმები და თეატრები. რაც შეეხება მთავრობას, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ჯერჯერობით მსოლოდ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტზე იზრუნა და სამშაბათს ამ საქმისთვის 320 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოყო.
„ბრიტანეთში ძალიან სუსტი სიტუაციაა ტესტირების მხრივ, არ კეთდება საკმარისი ანალიზი. რაკი ძალიან ცოტა ტესტია გაკეთებული, შესაბამისად, გამოვლენილი დაავადებაც ცოტაა. სინამდვილეში, შეიძლება არა 2 000-მდე ინფიცირებული, არამედ ათჯერ მეტი გვყავდეს, სულ ცოტა. 100-ჯერ მეტი ანალიზი კეთდებოდა ჩინეთში და კეთდება სამხრეთ კორეაში. რა გითხრათ, აეროპორტებში ტემპერატურასაც კი არ უსინჯავენ მგზავრებს, ეს რაღაც უცნაური, ჩემთვის გაუგებარი რამაა“ – ამბობს ბაჩუკი და იმედს გამოთქვამს, რომ ინგლისშიც მალე დაიწყება უფრო მეტი ანალიზის აღება, რადგან ამის ყველა წინაპირობა უკვე არსებობს.
„ძალიან მომეწონა მანქანიდან გადაუსვლელად ანალიზის ამღები მობილური პუნქტების გახსნის იდეა. ეს ჯერ სამხრეთ კორეაში გააკეთეს, ახლა ამერიკაშიც იხსნება. ტესტირების ძალიან პრაქტიკული და ეფექტური მეთოდი ჩანს. ამერიკაში პროგრესია იმ მიმართულებითაც, რომ ახალი ტესტები გამოჩნდა, რომელიც პასუხს 6-8 საათში იძლევა. თავიდან სულ ცოტა, 3-4 დღე იყო საჭირო. ჩვენთან, ჯერ კიდევ ის ტესტებია, ბოლოს რაც გითხარით, რომელზე პასუხსაც რამდენიმე დღე ველოდებით“ – აღნიშნავს ბაჩუკი ბეგიშვილი.
ბრიტანელი ექიმის თქმით, ისინი ელოდებიან, რომ იქნება სარეანიმაციო საწოლების დიდი დეფიციტი, ასევე ექიმების სპეციალური სკაფანდრების უკმარისობა. ასევე, „დეფიციტშია ფილტვის ვენტილატორები. ინფიცირების შემთხვევების გახშირებასთან ერთად, ამ მიმართულებით დიდ სირთულეებს ველოდებით. მარტო რაოდენობაშიც არ არის საქმე, თან ამ აპარატების ხმარებაც ხომ უნდა იცოდე, სპეციალისტი ხომ უნდა იყო? დეფიციტია ე.წ. ექმოს (ECMO) აპარატების, რომლებიც ხელოვნური ფილტვის ფუნქციას ასრულებს. აქაც გვაკლია სპეციალისტები, მოკლედ რთული ვითარების მოლოდინში ვართ“. საუბარია იმაზე, რომ დაიხმარონ პენსიაზე გასული ექიმები და მათ სთხოვონ სამსახურში დაბრუნება, რადგან იტალიის მაგალითიდან გამომდინარე, მოსალოდნელია კვალიფიციური ექიმების მწვავე დეფიციტიც.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ხდება პაციენტების მართვა ინფიცირების შემთხვევაში, როგორც ირკვევა, ინგლისში ადამიანი, რომელსაც ეჭვი აქვს კორონავირუსზე და ანალიზის აღება უნდა, რეკავს ცხელ ხაზზე: 111. ის ოპერატორს უყვება, თუ რა სიმპტომები აქვს. თუკი ჩივილები არ არის მძიმე, მაგალითად პაციენტს აქვს უბრალოდ ხველა, სიცხე, ყელის ტკივილი, მას ურჩევენ, 14 დღე თვითიზოლაციაში შინ დარჩეს.
ყველა პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას ერიდებიან, დიდი რისკია, რომ მან ინფექცია სხვებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს გადასდოს. ამის შემდეგ ექიმის მხრიდან მონიტორინგი არ ხდება, პაციენტს არ უღებენ ნაცხს კორონავირუსზე. ისევ პაციენტმა უნდა დარეკოს, თუკი მას მდგომარეობა გაურთულდა.
მხოლოდ სუნთქვის გართულების შემთხვევაში იღებენ ანალიზს კოვიდ-19-ზე და სირთულის მიხედვით, შეიძლება პაციენტი საავადმყოფოშიც დააწვინონ. „სიმართლე გითხრათ, ძალიან არეული სიტუაციის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი, თითქოს ბოლომდე ვერ დალაგდნენ ვერაფრით. არაა გასაკვირი, ურთულესი სიტუაციაა“ – ამბობს ბაჩუკი.
რაც შეეხება მკურნალობას, ბრიტანეთში მომუშავე ქართველი ექიმი ამბობს, რომ იქ ექსპერიმენტულად იყენებენ „რემდესივირს“. ეს ამერიკული კომპანია „გილეადის“ პროდუქტია, რომელსაც თავიდან ებოლას სამკურნალოდ ხმარობდნენ, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ პრეპარატი სასურველ ეფექტს სხვა ვირუსებზეც ახდენდა. მისი თქმით, კოვიდ-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირი“ პირველად სწორედ ჩინეთში, კორონავირუსის ეპიცენტრში გამოიყენეს.
ძალაუნებურად, რაკი თვითონ საქართველოდანაა, ის ხშირად ადარებს ორივე ქვეყანაში, კრიზისულ სიტუაციაში ჯანდაცვის მართვის სპეციფიკას და ამბობს, რომ საქართველოში ამ მიმართულებით გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. „ეს სამეული – გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე – ძალიან ძლიერი სპეციალისტები არიან, დიდი გამოცდილებით. მართლა ძალიან კარგად მიყავთ საქმე. მაგრად იბრძვიან ექიმებიც, ექთნებიც. ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ“.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ საქართველო შედარებით პატარა ქვეყანაა, არ არის იმდენი ფრენა და მისვლა-მოსვლა, როგორც გაერთიანებულ სამეფოში და კონტროლიც შედარებით იოლია. ბაჩუკის თქმით, ალბათ მალე კიდევ უფრო გამკაცრდება სიტუაცია საქართველოში, რადგან შემაშფოთებელია ხალხმრავლობა მაგალითად რესტორნებში, ან ეკლესიებში, სადაც ერთი და იმავე ჭურჭლის მასობრივად გაზიარება ხდება.
„ძალიან გაუგებარია, როგორ შეიძლება ეს, ვერ წარმომიდგენია! ერთჯერადი კოვზები მაინც ჰქონდეთ, ან თვითონ მიიტანონ კოვზები და იმით დალიონ… ან ყველას აქვს ხატები სახლში, ხომ შეიძლება დროებით სახლებში ილოცონ, არ ვიცი. ალბათ ეს უკვე მორწმუნეების გადასაწყვეტია, მაგრამ ამ სიტუაციაში სახლში ყოფნა და იქიდან ლოცვა აჯობებდა, რაღაც პერიოდი მაინც“ – ამბობს ის და დასძენს, რომ ეკლესია სწორად იქცევა, როცა დეზინფექციას აკეთებს ტაძრებში, „მაგრამ ალბათ თვითონ ეკლესიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოუწოდოს, რომ ნაკლებად იარონ, ერთჯერადი კოვზები იხმარონ და ასე შემდეგ“.
წყარო: ამერიკის ხმა