შეერთებულ შტატებში კორონავირუსით (კოვიდ-19) დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. მსხვერპლი მხოლოდ ვაშინგტონის შტატის ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღირიცხა, სადაც ფიქრობენ, რომ ვირუსი მის აღმოჩენამდე გაცილებით ადრე ცირკულირებდა.
იმის მიუხედავად, რომ ჩინეთში ახლად ინფიცირების ტემპი შედარებით დაეცა, უცხოეთში ჯერჯერობით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით ინფიცირების 9-ჯერ მეტი შემთხვევა აღირიცხა.
კორონავირუსი ახლა ყველა კონტინენტზეა, ანტარქტიკის გარდა. დღეს ის პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკში, ბერლინში და მოსკოვში.
მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 89 000-ს აღწევს. განსაკუთრებით სწრაფი მატება ფიქსირდება სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში. დაღუპულთა რაოდენობა 3 000-ზე მეტია.