ამერიკელი სენატორი, პოსტსაბჭოთა სივრცეში კარგად ცნობილი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა

ამერიკის ყოფილი სენატორი, რიჩარდ ლუგარი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მდებარე არაკომერციულმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ – ლუგარის ცენტრმა გაავრცელა, რომლის საპატიო პრეზიდენტი რიჩარდ ლუგარი იყო.

რესპუბლიკელი სენატორი რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ბირთვული შეიარაღების შემცირების პროგრამის ერთ–ერთი დამფუძნებელი იყო.

ის რამდენიმე ათწლეულის მანძილზე მუშაობდა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში და ორჯერ ოთხწლიანი ვადით მისი თავმჯდომარე იყო. ინდიანას შტატიდან სენატორად ექვსჯერ აირჩიას. იყო ინდიანაპოლისის მერიც. დემოკრატ სენატორ სემ ნანთან ერთად რიჩარდ ლუგარი ჩამოწერილი ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის და მათი გადაადგილების საშუალებების უტილიზაციის პროგრამის თანაავტორი იყო. ნანი–ლუგარის პროგრამა აშშ–ს კონგრესმა 1991 წელს მიიღო და განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც იმ დროს ამ საშიში მასალების ლიკვიდაციის და დაცვის საშუალება არ ჰქონდათ.

ამ პროგრამის რეალიზაციის შესწავლის ფარგლებში ლუგარი არაერთხელ იყო ჩასული რუსეთში. ერთ–ერთი ასეთი ვიზიტის დროს, 2005 წელს მას თან ახლდა ილინოისის შტატის ახალგაზრდა სენატორი ბარაკ ობამა.

ლუგარი იყო სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის რეჟიმის ლიკვიდაციის მხარდამჭერი და 1986 წელს ძალაუფლებიდან კორუმპირებული ავტოკრატი პრეზიდენტის, ფილიპ ფერდინანდ მარკოსის ჩამოშორების მხარდამჭერი.

ლუგარის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი სენატორი 28 აპრილს დაავადების გართულების შედეგად გარდაიცვალა.