ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა იმ წერილის შინაარსი, რომელიც მისი თქმის საქართველოს პრემიერ–მინისტრ ამერიკელმა სენატორმა, როჯერ ვიკერმა გასული წლის დეკემბერში გამოუგზავნა და რომელიც მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ დამალა. სალომე სამადაშვილს წერილის ორიგინალი არ წარმოუდგენია, თუმცა მედიას გააცნო ფრაგმენტები ამ წერილიდან. წერილის ავტორია როჯერ ვიკერი, სენატის შეიარაღებული ძალების და ვაჭრობის კომიტეტების წევრი. სალომე სამადაშვილი ხაზს უსვამს, რომ სწორედ ეს კომიტეტები განაგებენ საქართველოსთან სამხედრო დახმარების და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს.
გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით ვიკერი არის ჰელსინკის კომისიის წევრიც, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, მისი წერილის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია.
სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ეს წერილი იმიტომ გადამალა, რომ სხვა წერილებისგან განსხვავებით ამ წერილში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროვებაში და დევნაში. კონკრეტულად, სენატორი აცხადებს რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტიურად ციხით ემუქრება ოპონენტებს, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების, როგორიც არის მაგალითად ნიკა მელია ან გიგა ბოკერია.
სენატორი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს პირველ რიგში იყო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ დაპირებული საარჩევნო სისტემის უკან წაღების შესახებ და იმან, რომ ხელისუფლებამ დაამყარა სრული კონტროლი სასამართლო სისტემაზე უზანაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზით, ფაქტიურად შეაჩერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შანსი და უკან დახია ქვეყანა.
სენატორი მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში განიხილოს საარჩევნო სისტემის იმ ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელიც ქართველ ხალხს დაუბრუნებს საარჩევნო სისტემის რწმენას.
“ეს წერილი არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანა შეყავს პოლიტიკურ ჩიხში, რადგან სენატორი საუბრობს იმაზე, რაც მთავარი პრობლემაა ქვეყანაში – უნდობლობა საარჩევნო სისტემის მიმართ და ჩიხში შეყავს ჩვენი მომავალი ურთიერთობები აშშ–სთან“ – აცხადებს სამადაშვილი.
მისი თქმით, წერილში სენატორი ბევრს საუბრობს იმაზე თუ როგორ სურს დაუჭიროს მხარი საქართველოს და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს მის ქვეყანასთან, თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ ამისთვის აუცილებელია რომ ჩვენ გვქონდეს წინსვლა და პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით.
სალომე სამადაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც გახარიას გასული წლის დეკემბერში სენატიდან გამოუგზავნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის ბოლოს წერილის გასაჯაროებით დაიმუქრა. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოწოდებაზე რეაქცია არ ქონია, შესაბამისად სამადაშვილმა ბრიფინგი საღამოს ცხრა საათზე გამართა და წერილის შინაარსი მედიას გააცნო.
მანამდე ცნობილი იყო ოთხი წერილის შინაარსი, რომლებიც დეკემბრიდან დღემდე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გამუგზავნეს და რომელთა ტონი უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა.
“რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის მოულოდნელი ტალღა მიზანმიმართულად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების და ოპოზიციური მედიების მისამართით.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მინიშნებებმა, რომლებიც გამოხატავენ მუქარას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ, გააღრმავა შეშფოთება დევნის და სასამართლო პროცესების დაწყების დროისა და გარემოებების გამო. საქმე ეხება ისეთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორებიც გიგა ბოკერია და ნიკა მელია არიან.
ქართული ოცნების მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევაზე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. დამტკიცებული მოსამართლეების რაოდენობა, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, “უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა მოსამართლე უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის”. რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ დაბალი ნდობის გამო გასცა.
არჩევნების გამო, რომლამდეც 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა მხარდაჭერა და ყველასთვის უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს.
თუ ეს ზომები მიღებული არ იქნება, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს არჩევნების ლეგიტიმაცია”, – წერს სენატორი როჯერ ვიკერი წერილში.