ამერიკელმა მესაზღვრეებმა მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

{{ARTICLEIMAGE}}
ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ამ გზით შუშალეს ხელი მექსიკის ტერიტორიიდან საზღვარზე მიგრანტების ჯგუფის გადასვლას.

რადიო თავისუფლების ცნობით, 150-მდე ადამიანი აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა მექსიკის ქალაქ ტიხუანიდან. შეერთებული შტატების სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მიგრანტებმა ამერიკელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინეს.

ამასთან, სააგენტო AP-ის ფოტოკორესპონდენტის ცნობით, მიგრანტებმა ქვების სროლა ამერიკელი მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენების შემდეგ დაიწყეს. დაკავებულია 25 ადამიანი. მექსიკიდან მიგრანტების შესაჩერებლად ამერიკელმა მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი 2018 წლის ნოემბერშიც გამოიყენეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესისგან ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას მექსიკასთან საზღვარზე კედლის ასაშენებლად. კონგრესთან უთანხმოების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ახალ ბიუჯეტს ხელი არ მოაწერა, რის შედეგადაც მეორე კვირაა, იძულებით, უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო დაწესებულებების 380 ათასამდე თანამშრომელი, დაახლოებით 420 ათასი კი უხელფასოდ მუშაობს.