გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Examiner კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესახებ, რომლის სათაურია: ტრამპის ადმინისტრაციამ მიზნობრივი სანქციები უნდა შემოიღოს საქართველოში პოლიტიკური დაშინების საპასუხოდ.
სტატიის ავტორი ტომ როგანია, რომელმაც ცოტა ხნის წინანდელ სტატიაში ივანიშვილს პუტინის ამაყი ლაქია უწოდა. ამჯერად ავტორი წერს, რომ დროა აშშ–მ სანქციები გამოიყენოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, ვინც პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას ცდილობს.
“ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა გააფრთხილოს საქართველოს ხელისუფლება: დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურ დაშინებას აშშ–ს მხრიდან მკაცრი რეაქცია, მათ შორის მიზნობრივი სანქციები მოჰყვეება.
ეს გადამწყვეტი ზომა აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დღეებში გამოწვეული ესკალაციის შემდეგ.
ყველაზე საგანგაშო ამბავი ის არის, რომ სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით 2010–2013 წლების პერიოდის საქმეზე. მე შევხვედრივარ ბოკერიას და ვენდობი მას, და ინფორმირებული ვარ, რომ ეს საქმე არის ფაბრიკაცია და მცდელობა დააშინონ ოპოზიცია და ამით დაასრულონ პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ. ეს პროტესტი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გამწვავდა მთავრობის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების უარყოფის გამო.
ბედის ირონიაა, რომ ბოკერია და ამ საქმის ფიგურანტი სხვა თანამდებობის პირები ყველაზე მეტად მათი ანტი კორუფციული და პროამერიკული პოზიციებით არიან ცნობილი. ერთ–ერთი მათგანი აშშ–ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ბათუ ქუთელიაა. ამის დაშვება შეუძლებელია.
ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია პროამერიკულად განწყობილი ქართველი ხალხის მოკავშირეა, მაგრამ ქართველები არიან რუსეთის აგრესიის სამიზნე, ისევე როგორც უკრაინა. სამწუხაროდ ბოროტმოქმედი ჯეიმს ბონდის, ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟის ქვეშ საქართველო ამ აგრესიას ითმენს და კრემლს და მის ავტოკრატულ ღირებულებებს უახლოვდება.
ამ მოვლენების აღსაკვეთად ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი სახელი უნდა ჩაამატოს ცოტა ხნის წინანდელ ორპარტიულ წერილში, რომლითაც ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას კურსი შეცვალოს. მაგრამ ადმინისტრაციამ ასევე უნდა გააფრთხილოს საქართველოს ხელისუფლება: თუ ის განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების და თავისუფალი ოპოზიციის უფლებების დარღვევას, აშშ ყველა პასუხისმგებელ პირს მოსთხოვს პასუხს მათთვის ყველაზე მტკივნეული ფორმით: დააყადაღებს მათ საბანკო ანგარიშებს და მსოფლიოში მოგზაურობას და ვაჭრობას შეუზღუდავს.
შესაძლოა ამან აიძულოს მთავრობა გამოფხიზლდეს.“– წერია სტატიაში.