ანა სუბელიანის საქმეზე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის თქმით, მან ტელეფონი ანას გვერდით მყოფ ბიჭს ესროლა, თუმცა ანას მოხვდა.
საქმის პროკურორის თქმით, საქმეში მოიპოვება მასალათა ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მედიის მიერ გაშუქებული ვიდეოჩანაწერები.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და შესაბამისად სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. შალვა შევარდნაძეს ბრალად ედება სსკ 118 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას.
საქმეში მოიპოვება მასალათა ერთობლიობა, მათ შორის, ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კონკრეტული მედია საშუალების მიერ გაშუქებული ვიდეოჩანაწერი, ბრალდებული განმარტავს რომ მან ისროლა მობილური ტელეფონი დაზარალებულის მიმართულებით, თუმცა არა უშუალოდ მისი მისამართით. ბუნებრივია, ამას თავისი კვალიფიკაცია მიეცა და შესაბამისი შუამდგომლობით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს“,- აცხადებს პროკურორი.
8 ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მისულ სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს, აქციის მონაწილემ მძიმე ნივთი ესროლა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ეს ნივთი ტელეფონი იყო.
საქართველოს გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს ბრალი 118,1 მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.