უნგრეთმა მოულოდნელად დაბლოკა უკრაინის სამხედრო დახმარების მერვე ტრანშის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF), იუწყება იტალიური სააგენტო ANSA ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
ტრანშის თანხა 500 მილიონი ევროა და მომავალ ორშაბათს უნდა გამოიყოს.
სააგენტოს ცნობით, ბუდაპეშტმა მოითხოვა გარანტიები, რომ EPF შეინარჩუნებს თავის გლობალურ სტატუსს მომავალში და არ გამოიყენებს დახმარებას მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის.
ევროპის მშვიდობის ფონდი 2021 წელს დაარსდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებით ფინანსდება.
უნგრეთი ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომელიც მუდმივად არ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ქვეყანა აგრძელებს რუსეთის ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულებას. ვაშინგტონში უნგრეთის საელჩოს ვებგვერდზე ანალიტიკურ ჩანაწერში ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლება ავიწროებს ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის 150 000 უკრაინელ უნგრელს.
ვეტოს უფლების გამოყენებით, ქვეყანამ არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები უკრაინული მხარის მხარდაჭერისა და რუსული მხარის დაგმობის შესახებ – მაგალითად, მან დაბლოკა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილების ევროპულ დონეზე დამტკიცება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ რომლებსაც ICC უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშაულებს.