საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს.
კვირიკაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.
„გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი და დღეს პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც კონკრეტულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს გამაჩნდა, მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აღნიშნულის გათვალიწინებით, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა და რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსების დაცვა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.