„არ იცის გამოსასყიდი ვინ გადაიხადა“ – გატაცებული ქართველი მეზღვაური თავისუფალია

საბერძნეთის მთავრობისა და გემთფლობელი კომპანიის დიდი ძალისხმევის შედეგად, 40 დღიანი ტყვეობის შემდეგ, აფრიკელმა მეკობრეებმა ბერძნულ სანავთობ ტანკერ „ელკა არისტოტელედან“ გატაცებული სამი მეზღვაური, საბერძნეთის, საქართველოს და ფილიპინების მოქალაქეები გაათავისუფლეს.

გემთფლობელის ბერძნული კომპანია European Product Carriers LTD-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეოთხე ტყვე, ფილიპინელი მეზღვაური, სამწუხაროდ, ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა, დამატებითი დეტალების დადგენის მიზნით ტოგოში გამოძიება დაიწყო.

გუშინ ბათუმში დაბრუნებულმა ოთარ ვარდიძემ, რომელიც „ელკა არისტოტელეზე“ ელექტრომექანიკოსად მუშაობდა, არ ისურვა საუბარი, თუ რა ვითარებაში მოხდა მათი გატაცება, სად იმყოფებოდნენ და გამოსასყიდი ვინ გადაიხადა. ექიმების თქმით, ვარდიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

უფრო მეტი დეტალი გატაცების შესახებ მედიას გათავისუფლებული ბერძენი მეზღვაურის, 20 წლის დიმიტრის გიატისის მამამ ტოდორის გიატისმა გაანდო:

„დიმიტრისი ბევრს ვერ საუბრობს, შოკშია, ძალიან შეშინებულია, მასთან ფსიქოლოგი მუშაობს, რომ ცხოვრების ნორმალურ რიტმს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს. ამბობს, რომ ჯუნგლებში ურთულეს ვითარებაში იმყოფებოდნენ, თუმცა მეკობრეები ყველას კარგად ექცეოდნენ, რადგან მხოლოდ ფულის მიღება აინტერესებდათ.

არ იცის, მათ გასათავისუფლებლად გამოსასყიდი რამდენი ან ვინ გადაიხადა. ამაზე არც კომპანიაში საუბრობენ. ტოგოში გატაცების შემდეგ მეზღვაურები კატერით ნიგერიის მიმართულებით წაიყვანეს და გამოსასყიდის მიღების შემდეგ, ნიგერიის ტერიტორიაზე გაუშვეს. სამივე მათგანი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან გამოფრინდა“ – აღნიშნა ტოდორის გიატისმა.

ბერძენი მეზღვაური


მეკობრეების თავდასხმა „ელკა არისტოტელეზე“, რომელიც საბერძნეთის დროშის ქვეშ ცურავდა, 4 ნოემბერს, გამთენიისას, მოხდა, როცა ტანკერი ტოგოს დედაქალაქ ლომეს ნავსადგურიდან 11 მილის მოშორებით, გვინეის ყურეში, რეიდზე იდგა.

ბერძნული წყაროების ცნობით, ტანკერის ოთხკაციანმა შეიარაღებულმა დაცვამ მეკობრეები შეამჩნია და ცეცხლიც გაუხსნა, თუმცა, სამმა შეიარაღებულმა მეკობრემ გემზე მოხვედრა მაინც შეძლო, ორმხრივი ცეცხლის დროს, მათ დაცვის ერთი წევრი ფეხში დაჭრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტანკერზე განგაშის სიგნალი გაისმა და ეკიპაჟის წევრები ყველაზე დაცულ კაიუტაში ჩაიკეტნენ, მეკობრეებმა ოთხი მეზღვაურის გატაცება მაინც მოახერხეს. მოგვიანებით მეკობრეებთან მოლაპარაკებაში ნიგერიაში საბერძნეთის საელჩო ჩაერთო, რომელიც ტოგოსაც ფარავს.


ბერძნული ტანკერი

დირკ შტეფენი, Risk Intelligence-ის უფროსი ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც დასავლეთ აფრიკაში მეკობრეობის პრობლემას კარგად იცნობს, ამბობს:

„როგორც წესი, მეკობრეების დიდი ნაწილი, რომლებიც ტოგოს და ბენინის სანაპიროებთან “ნადირობენ”, ნიგერიაში არიან ბაზირებულები. ნიგერიელი მეკობრეები ხშირად ტანკერიდან კაპიტანს და პირველ თანაშემწეს იტაცებენ, ორი კვირა ჰყავთ დატყვევებული და გამოსასყიდის, 50000-100000 ევროს მიღების შემდეგ უშვებენ“ – აცხადებს დირკ შტეფენი.

ოთარ ვარდიძის გათავისუფლების შემდეგ, აფრიკის კონტინენტზე ტყვეობაში საქართველოს ორი მოქალაქე ისევ რჩება. უკვე 2 წელი და ოთხი თვეა ლიბიის ციხეში, მცირე სანავთობო ტანკერ REX-ის კაპიტანი 56 წლის გენადი კომახიძე და კაპიტნის თანაშემწე 32 წლის რომა კაკალაძე არიან გამოკეტილნი.

ტანზანიის დროშით მცურავი მცირე ტანკერი REX, რომელსაც თურქულ-ბერძნული კომპანია ფლობს, ლიბიის სანაპირი დაცვამ 2017 წლის 30 აგვისტოს ნეიტრალურ წყლებში „დიზელის კონტრაბანდის“ ბრალდებით დააკავა, როცა გემი კვიპროსისკენ მიდიოდა. ქართველი კაპიტანი და თანაშემწე მიიჩნევენ, რომ ბრალდება შეთითხნილია და უდანაშაულონი არიან.

2019 წლის აპრილში, ტრიპოლის სასამართლომ კომახიძეს და კაკალაძეს 6 თვიანი პატიმრობა და ჯარიმის, სოლიდარულად 1 300 000 და 500 000 ლიბიური დინარის გადახდა დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის ვადა დიდი ხანია ამოიწურა, ლიბიის პროკურატურა საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას აყოვნებს და ისინი უკანონო პატიმრობაში ჰყავს.

წყარო: ამერიკის ხმა