ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პრაიმ–ტაიმისში მისი მეგობრის, ლევან ჩხაიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს. ჯაკო 34 – “მადლობა ამ წარმოუდგენელი მეგობრობის ისტორიისთვის” – ასეთია წერილის სათაური. ლევან ჩხაიძე დღეს 34 წლის გახდებოდა.
წერილში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის ცხოვრების ბევრი ეპიზოდია გაცოცხლებული. მას იხსენებენ მშობლები და ოჯახის წევრებიც. ერთი ნაწილი კი იმ ეპიზოდს ეძღვნება, როცა ფარული კადრების გამოქვეყნებით შანტაჟი არაერთ საჯარო პერსონას, მათ შორის ინგა გრიგოლიას შეეხო.
“მე წიგნს ვწერ. ლამის მთელი ცხოვრებაა ვწერ და როცა გადავწყვეტ ხოლმე, რომ უნდა გამოვაქვეყნო, სწორედ მაშინ ემატება ამბები ჩემს ცხოვრებას და თავები ჩემს წიგნს. ამ წიგნში ჯაკო ბევრ ფურცელზე შეგხვდებათ, რა თქმა უნდა, თუ ოდესმე გავბედავ მის გამოქვეყნებას. შეიძლება ვერც ვერასდროს გავბედო, ვნახოთ… ახლა კი მხოლოდ პატარა ნაწყვეტს მოგითხრობთ ამ წიგნიდან და ამ პატარა მონაკვეთით მიხვდებით, რამდენად დიდი ადამიანი იყო ჩემი საიმედო მეგობარი.
„დედა, ინტერნეტში რაღაც მუქარა ვრცელდება. რაღაც კადრების გამოქვეყნებით გემუქრებიან. პირადია… გთხოვ, არ ინერვიულო! მოვდივარ შენთან, – ჩემი შვილი მირეკავდა…
იატაკზე დავჯექი. სისხლის სწრაფ მიმოქცევას ვგრძნობდი, თავიდან ფეხებამდე და უკან – ფეხებიდან თავისკენ, ძალიან სწრაფს. მერე თავის მარჯვენა ნაწილში ჯერ რაღაც გამიცხელდა, მერე რაღაც გაწყდა და პირველი, რაც ვიფიქრე, ალბათ, ტვინში სისხლი ჩამექცა და ვკვდები-მეთქი.
ისევ ზარი. არც დამიხედავს, ვინ მირეკავდა, ტელეფონი მოვისროლე. ისევ ზარი, კიდევ ზარი და მერე მოკლე ტექსტური შეტყობინება. ავიღე ტელეფონი. ორი სიტყვა ეწერა წერილში…
„ყველაფერს გავუძლებთ!!!“ – ჯაკო მწერდა. მან იცოდა, რომ წლების წინათ გადაღებული ჩემი ფარული კადრები არსებობდა და საფრთხე რეალურად დაინახა. გადავურეკე, დაველაპარაკე და სიტყვები, რომელიც მერე ეთერში ვთქვი, პირველად სწორედ მისგან მოვისმინე.
„თქვი, რომ, რაც უნდათ, ის გამოაქვეყნონ, თქვი, რომ არ გეშინია, რომ პირადი ცხოვრება სირცხვილი არაა… თქვი, შენ გვერდით ვართ ყველა. არ იტირო!!!“ – პირველად ამ ზარის მერე მოვედი აზრზე, პირველად მაშინ მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი… წავედი სამსახურში, დავჯექი ეთერში და ვთქვი ის, რაც ჯაკომ მითხრა და რაშიც დამაჯერა. ღმერთო, რამდენჯერ მაქვს გადახდილი მადლობა მისთვის, მის სიცოცხლეში ამ წუთებისთვის… იმისთვის, რომ იმ დღეს გამაძლიერა და მათქმევინა ის ყველაფერი, რაც მაყურებელმა მოისმინა“.
ეს მოკლე ნაწყვეტია ჩემი წიგნიდან… და ყველაფერი ნამდვილია… იმ წიგნში იმაზე მეტი წერია, ვიდრე აქ მოგიყევით. იქ წერია, როგორ მედგა გვერდით ამ ომში, როცა კადრებით მაშანტაჟებდნენ, როგორ ათენებდა ღამეებს „ნახალოვკაში“ თავის კომპიუტერთან, სანამ მე სახლში მეძინა, რომ, თუ ვინმე ჩემი პირადი ცხოვრების კადრებს ატვირთავდა, მაშინვე ემოქმედა, მაშინვე მოეთხოვა ამ კადრების წაშლა, სანამ მე ვნახავდი. იმ წიგნის ფურცლებზე წერია, როცა ისტერიკა მემართებოდა ამ ყველაფრის გამო, როგორ გამორბოდა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ფეხით ჩემთან, ვერაზე. ერთხელ ტაქსის ფული რომ არ ჰქონდა, ფეხით როგორ გამოიქცა ამხელა გზაზე, როცა მორიგ ჯერზე მიმტყუნა ნერვებმა… ისიც წერია, როგორ იყო მისული პროკურატურაში და როგორ მოითხოვდა გამოძიებას ჩემზე განხორციელებული მორალური ტერაქტის გამო. არც ერთი დღე მარტო არ დავუტოვებივარ ამ ომში… ალბათ, უამრავი საქმე ჰქონდა მაშინ, ალბათ, უამრავი ადამიანის ნახვა უნდოდა, უამრავ დაბადების დღეზე წასვლა ან სხვა მეგობრებთან ყოფნა, მაგრამ თვეების განმავლობაში მარტო ჩემი გამხნევებით იყო დაკავებული და მაძლიერებდა. დღეს მხოლოდ ის მაწყნარებს, რომ მერე ბევრჯერ გადავუხადე მადლობა ამ საოცარი მეგობრობისთვის და გამხნევებისთვის. კიდევ კარგი, რომ ეს მოვასწარი… ასეთი მეგობარი მომიკვდა… ჩემი საიმედო მეგობარი. ამიტომ მეგონა სულ დიდი და მხოლოდ სიკვდილის მერე აღმოვაჩინე, რომ ასაკით ძალიან პატარა იყო… ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი წიგნი ამ ფრაზით დასრულდება – მადლობა, ჯაკო, ამ წარმოუდგენელი მეგობრობის ისტორიისთვის!!! დღეს ჯაკო 34 წლის გახდებოდა…
ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 2019 წლის იანვარში ბუდაპეშტში გარდაიცვალა. მიზეზი თრომბი გახდა.
წყარო: პრაიმ თაიმი