არ მინდა, გამოყენებული ვიქნე ბინძურ თამაშებში – სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი

“არ მინდა, გამოყენებული ვიქნე ბინძურ თამაშებში“, – აცხადებს სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი კახა კალაძე, რომელიც 30 წლიწინანდელი მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მამა გიორგი სხილაძემ განაცხადა, რომ კალაძის მიმართ სექსუალური ძალადობა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, მეუფე ზოსიმეს მხრიდან განხორციელდა, 

კახა კალაძე ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. გთავაზობთ მის წერილს.

“31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება, მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეუძლებელია, შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება, სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია, მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს.

არ მინდა, გამოყენებულ ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში. მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი, რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში.

მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს. ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს”, – აცხადებს სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი.

შეგახსენებთ, მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი, მეუფე ზოსიმე შიოშვილი სოდომურ ცოდვაში დაადანაშაულა. მამა გიორგიმ მისი თანამდებობიდან გადადგომის დოკუმენტიც გაასაჯაროვა.