არ მინდა საბჭოთა პერიოდში დაბრუნება, როცა ლიდერები სიცოცხლის ბოლომდე თანამდებობაზე რჩებოდნენ- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის თქმით, მას არ მოწონს საბჭოთა ის პერიოდი, როცა საბჭოთა ლიდერები სიცოცხლის ბოლომდე ხელისუფლებაში რჩებოდნენ, მემკვიდრეობის საკითხი კი გაურკვეველი იყო.

ამის შესახებ პუტინმა 18 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას განაცხადა, როცა ერთ-ერთმა ვეტერანმა ჰკითხა, ხომ არ გააუქმებდა კონსტიტუციურ ნორმას, რომელიც პრეზიდენტობის მოყოლებით მესამე ვადით შენარჩუნებას უკრძალავს.

„ძალიან შემაშფოთებელი იქნებოდა იმ ვითარებასთან დაბრუნება, რომელიც 1980-იანი წლების შუა პერიოდში გვქონდა, როცა სახელმწიფო ლიდერები ხელისუფლებაში რჩებოდნენ, ერთმანეთის მიყოლებით, სიცოცხლის ბოლომდე და მათი წასვლის შემდეგ ძალაუფლების გადაცემის აუცილებელი პირობები გაურკვეველი იყო“, – თქვა პუტინმა.

ცნობისთვის, პუტინი უკვე მეოთხე ვადით არის პრეზიდენტის პოსტზე, მას თანამდებობა 2000 წლიდან უკავია. 2008-2012 წლებში ის პრემიერ-მინისტრი გახდა, შემდეგ კი 2018 წელს ისევ პრეზიდენტობას დაუბრუნდა. ვადა 2024 წელს ეწურება, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა პუტინი, მას კონსტიტუცია მიყოლებით მესამე ვადით კენჭიყრის უფლებას არ აძლევს.

ცოტა ხნის წინ ის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა გადადგა.