“არ მშორდება განცდა,რომ რაღაც დავაკელი და ვერ ვუშველე“- ლანა ღოღობერიძის ემოციური წერილი რეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებაზე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ზაზა ურუშაძის გარდაცვალების და მათი ურთიერთობის შესახებ:

“ჩემი ზაზა!
ჩემი უმცროსი მეგობარი!

ჩემთვის მუდამ პატარა ბიჭი!

რა სიტყვებით გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი, არ ვიცი. მე — შენ — გაცილებდე სამარის კარამდე?! მე — შენ!
შენ ჩემთვის ბოლომდე ის პატარა ბიჭი იყავი, პირველად რომ გნახე სარეჟისორო სახელოსნოს მისაღებ გამოცდებზე. ყველაზე ახალგაზრდა. 15 თუ 16 წლის ხუჭუჭა ბიჭი, (დღეს არც კი ვიცი, მართლა ხუჭუჭა იყავი თუ არა, მაგრამ მე ასეთი დამამახსოვრდი). თვალები რაღაცნაირი, მძლავრი ენერგიით გიელავდა. ლადო ასათიანის ლექსი წაიკითხე: “რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ”… ახლაც თვალწინ მიდგას, როგორი გზნებით ამბობდი ამ სიტყვებს: სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ! (თუმცა მაშინ, ალბათ, ამ სიტყვის არსიც არ გესმოდა). რაღაც ძალიან ნაღდი დავინახე მაშინ ამ ბიჭში, და თუმცა ბავშვური ასაკი არ უწყობდა ხელს, უყოყმანოდ ამოვარჩიე რეჟისორობის მრავალრიცხოვან მსურველთა შორის. ამას მერე ხშირად იხსენებდა და უკვირდა – როგორ ამიყვანეთ ჯგუფში 16 წლის ბიჭიო.

მერე, წლების მანძილზე, ზაზა ჩემთვია ნამდვილი ახლობელი გახდა. მართლა ახლობელი. მეგობარი. ხშირად მირეკავდა, მოდიოდა. ბევრს ვსაუბრობდით. ყველა თავის ჩანაფიქრზე მელაპარაკებოდა. ყველა სცენარს მაკითხებდა. მის კაბინეტში, კომპიუტერში, ბოლო ფილმის მასალაც მაჩვენა.

და მეც ვუზიარებდი ჩემ ჩანაფიქრებს, ფილმის გადაღებულ მასალასაც კი ვაჩვენებდი. ეს ბოლო ფილმიც ნახა, ერთერთი მონტაჟის ეტაპზე. ახლაც მახსოვს, რამ დააეჭვა და მე, ბევრი ფიქრის მერე, მისი შენიშვნებიც გავითვალისწინე. ეს რომ ვუთხარი, ბევრი იცინა, რატომაც არა, ხომ შეიძლება მეც რაღაცა გასწავლოთო!
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი არნახული საერთაშორისო წარმატებით! თვითონ ისე გულღიად და ამაყად მიყვებოდა ამ წარმატების ამბებს და ისევე, როგორც ამ 40 წლის წინ, ბავშვურად უელავდა თვალები. ანას წარმატებაც ეამაყებოდა ძალიან.

ფიცხი იყო, გურულებისთვის დამახასიათებლად ფიცხი. ბოლო ხანს კი აღმოჩნდა, რომ ეს მარტო სიფიცხე არ იყო, არამედ მგრძნობიარობაც. თურმე უკიდურესად მგრძნობიარე იყო. ალბათ, ზედმეტადაც? საკუთარი თავის საზიანოდ?

და მე არ მშორდება განცდა, რომ რაღაც დავაკელი და ვერ ვუშველე.

იქნებ შემეძლო და არ ვუშველე.

აკადემიაში მთელი იმ თურმე საბედისწერო დაპირისპირებების მერე, მისი წერილის მერე პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ, ვცდილობდი მასთან დაკავშირებას. ის არ მპასუხობდა. რამდენჯერმე ანასაც მივმართე.
ახლაც, ამ რამდენიმე დღის წინ მინდოდა ფილმის პრემიერაზე დაპატიჟება. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ერთი მეგობრის მეშვეობით ისევ ანას დავუკავშირდი. პასუხი ასეთი იყო: ჩაიკეტა და არავის არ პასუხობსო.
და მე არ მასვენებს ეს წყეული კითხვა: რა ხდება ჩვენს თავს?

რატომ არ გვესმის ერთმანეთის?

რატომ ვტკენთ ერთმანეთს გულს – ასე იოლად?

უცებ გამახსნდა კიდვ ერთი გულნატკენი, ასე ადრე წასული ამ წუთისოფლიდან, “დარდის შემგროვებელი” გოდერძი ჩოხელი. ისიც ჩემი ნასტუდენტარი და ისიც ძალიან ახლობელი. ისიც გატყდა.
რა არის ჩვენი შეურიგებლობის არსი? რატომ ვუპირისპირდებით ერთმანეთს, ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლოდ?

ბოლო ხანს ეს გახდა ჩემი მთავარი წუხილი. ჩემი ფილმიც ამას ეხება, ადამიანის უნარს – გაუგოს სხვას, შეიგრძნოს სხვისი ტკივილი, უთანაგრძნოს მას. ზაზას ფილმში სწორედ ეს ხაზი მოსწონდა. თუმცა მაშინ სულაც არ ფიქრობდა, რომ მალე თვითონ აღმოჩნდებოდა დაპირისპირებისა და შეურიგებლობის შუაგულში.

ზაზას გული გაუსკდა.

იქნებ ამან დაგვაფიქროს და შევეცადოთ: გავუფრთხილდეთ ჩვენს გვერდით მყოფ ადამიანებს, არ ვატკინოთ ერთმანეთს გული.

ხშირად გავიხსენოთ:

“ველზე ყაყაჩოთა ნაღვერდალი,
წვიმის სევდიანი იდილია,
წყალგაღმა არაფერი აღარ არის,
წყალგაღმა მხოლოდ სიკვდილია.”– წერს ლანა ღოღობერიძე.

ზაზა ურუშაძე 53 ასაკში გუშინ საღამოს, გულის შეტევით გარდაიცვალა.