„ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, რომ არც ასე დგას საქმე ქვეყანაში“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა მთელმა გუნდმა ერთად უნდა აიღოს.
„ეს არის მმართველი გუნდის, ჩვენი ყველას პასუხისმგებლობა, რადგან ოპოზიციამ სრულად დაუჭირა მხარი ცვლილებებს.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, რომ არც ასე დგას საქმე ქვეყანაში. არ ვაპირებ ამ აქციებზე დგომას, არ მგონია, რომ ქუჩის პროცესი არის ჯანსაღი და სწორი ჩვენი ქვეყნისთვის. პროცესების ქუჩაში გადატანას არ ვემხრობი. პროცესები უნდა იმართებოდეს პარლამენტიდან და არა ქუჩიდან.
გუშინდელი გადაწყვეტილებით, რაიმე თემაზე პოლიტიკური შეთანხმება და კონსენსუსი გაუქმდა. ხელისუფლება რა გზას აირჩევს და როგორ ივლის , ამას ვეღარ გეტყვით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემს კოლეგებს გვჭირდება დამატებითი დრო. ამაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ვფიქრობ, ამას ბევრი დრო არ დასჭირდება. უახლოეს მომავალში თქვენ მეტი ინფორმაცია გექნებათ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე უმრავლესობის დეპუტატებმა: თამარ ხულორდავამ, სოფო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვიმა და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები გუშინ დატოვეს.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.