დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კერძო სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდა, ნუ ისარგებლებენ შექმნილი მძიმე სიტუაციით და იყვნენ სოლიდარულები. გამყრელიძემ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება.
“მივმართავ ჩემს კოლეგებს, განურჩევლად მფლობელობისა და მეპატრონისა და ყველას მათ მვთხოვ, რომ უნდა იყოს შესაბამისი მზადყოფნა, თითოეულ საავადმყოფოს უნდ აჰქონდეს ე.წ. გადაუდებელი სიტუაციების დროს შესაბამისი გეგმები და შესაბამისი მარაგები მედიკამენტების,სახარჯი მასალის,დაცვის სასუალებების და ა.შ.
თქვენ იცით, რომ ჰოსპიტლების 90% არის კერძო, მაგრამ ამ სიტუაციაში როცა პანდემიაა, არავინ არ არჩევს პანდემიამ არ იცის კერძო და სახელმწიფო იქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ და ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ კერძო სექტორს, როგორც ჰოსპიტალურ და ამბოლატორიულს ასევე ფარმაცევტულს, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სექტორს, რომ არ ვისარგებლოთ ეხლა ჩვენ ამ მდგომარეობით, როცა გარკვეულად მთელ მსოფლიოში დეფიციტია გარკვეული სახარჯი მასალების, არ ვისარგებლოთ ამითი და ვიყოთ სოლიდარული და ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა საჭირო მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებებზე, რომელიც საჭიროა ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.