შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღეზე ექსტრავაგანტული ღონისძიება გაემართა, საზოგადოების ერთ ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. ასევე გაჟღერდა გამოძიების ჩატარების მოთხოვნები იმის დასადგენად, თუ რა თანხა დაუჯდა ამერიკის ბიუჯეტს 4 ივლისის საზეიმო ღონისძიება.
პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში გამართული ღონისძიების მასპინძელი იყო. მისი გადაწყვეტილებით, საზეიმო ღონისძიების ერთი ნაწილი სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენა და ტანკების გამოფენა იყო.
ტრამპი ლინკოლნის მემორიალთან გრძელი სიტყვით გამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 70 წლის განმავლობაში, როცა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ეროვნულ მოლზე სიტყვით გამოვიდა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწყების გენერალურ ინსპექტორს გამოძიების ჩატარებას სთხოვს და აცხადებს, რომ ერთი მიზნისთვის გამოყოფილი თანხის სხვა მიზნებზე დახარჯვა პოტენციურად არაკანონიერია.
ტრამპი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გააკრიტიკა, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი დემოკრატი კანდიდატია და თქვა, რომ 4 ივლისს პომპეზური ზეიმის გამართვა ტრამპის ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდა.
უცნობია რამდენი ადამიანი შეიკრიბა ეროვნულ მოლზე ფეიერვერკების სანახავად. თუმცა მომდევნო დილას, თეთრი სახლიდან ნიუ-ჯერსიში გამგზავრებამდე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ „წუხელ ხალხის ფენომენალური რაოდენობა“ შეიკრიბა.
წყარო: ამერიკის ხმა