ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების გამოხატვა თავისუფლად შეძლეს.
“ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი.
არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში ჩატარდა, ასევე გაიმართა მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში ესენია: მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს გაიმართა საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
არჩევნებისთვის სულ 410 საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდებოდა.