“ასეთ რამეს ქართველი თუ იზამს მარტო“– 3 ქართველი მოჭიდავე ოლიმპიადისთვის გენო პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტს, თურქ მოჭიდავეს მოამზადებს

სოციალურ ქსელში უკმაყოფილება მოჰყვა სამი ქართველი მოჭიდავის გადაწყვეტილებას ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაში დაეხმაროს თურქ სპორტსმენს თავისუფალ ჭიდაობაში, ტაჰა აკგულს იმ დროს, როცა ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი მისი მთავარი კონკურენტია და ოლიმპიურ თამაშებში ისიც მიიღებს მონაწილეობას.
ფეისბუქ მომხმარებელი, Georg Astamadze წერს:
“ესეთ რამეს ალბათ ქართველი თუ იზამს მარტო. ასეთი ამბავია:
თავისუფალ ჭიდაობაში მძიმე წონაში ბოლო 7-8 წელი დომინირებდა თურქი ტაჰა აკგული, რომელსაც ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. ამასობაში, საქართველოში გაიზარდა გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ბოლო 2 მსოფლიოს ჩემპიონატზე და პლიუს ერთ ევროპის ჩემპიონატზე მოიგო ტიტულები და მოუგო ტაჰა აკგულსაც. მოკლედ, დღეისთვის, გენოსა და აკგულის დაპირისპირება არის როგორც რეალი-ბარსელონა. გენომ საქართველოში დიდი კონკურენცია გაიარა და რამდენიმე ძლიერი ფალავანი ნაკრებს მიღმა დატოვა. ეს ხალხი, რომლებმაც გენოსთან კონკურენციას ვერ გაუძლო, ახლა დაირაზმა და დიდი ტურნირების წინ თურქეთში ჩადის სპეციალურად და ტაჰა აკგულს სპარინგპარტნიორობას უწევს, ფაქტიურად, გენოს დასამარცხებლად, რადგან ამ ორს სხვა თანაბარი კონკურენტი არ ჰყავს. ამაში თურქებისგან, ცხადია, ფულს იღებენ. შეფასება თქვენთვის მომინდვია.
ფოტოზე: ცენტრში წითელი მაისურით ტაჰა აკგული, მარცხნივ ლევან ბერიანიძე, მარჯვინვ გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოძმანაშვილი. სუფრასთან, დარწმუნებული ვარ, ამათ სადღეგრძელოებში ვერავინ მოერევა.“ –წერს ქართველი ფეისბუქ მომხმარებელი.

თურქული მედია კი ავრცელეს ინფორმაციას, რომ თურქ მოჭიდავეს, ტაჰა აკგულს ქართველი მოჭიდავეები, ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოზმანაშვილი ავარჯიშებენ. თურქული მედია წერს, რომ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა, რომელიც თურქეთის ჭიდაობის ფედერაციის მონდომების შედეგად გადაწყდა. მას მძიმოწონოსანი პარტნიორის მოძებნა უჭირდა, რომელიც სპარინგ პარტნიორობას გაუწევდა. ამიერიდან მას პარტნიორობას სამი ქართველი მოჭიდავე გაუწევს. თურქული გამოცემა sportmaidani–ს ინფორმაციით ქართველი მოჭიდავეები მოხარულები არიან რომ თურქ მოჭიდავეს ვარჯიშში დაეხმარებიან.
“ჩემი მთავარი პრობლემა პარტნიორის პრობლემა იყო. ქართველი მოჭიდავეები, ლევან ბერიანიძე, გიორგი მეშვილდიშვილი და დავით მოზმანაშვილი უკიდურესად წარმატებული მოჭიდავეები არიან და ჩემთვის კარგი პარტნიორები იქნებიან. ვაპირებ უკეთესად მოვემზადო ოლიმპიური თამაშებისთვის. მადლობელი ვარ მენეჯერების, განსაკუთრებით ფედერაციის პრეზიდენტის, რომელმაც ასეთი შესაძლებლობა მომცა. “ ტაჰა აკგულთან სამი ქართველი მოჭიდავე ოლიმპიურ თამაშებამდე იმუშავებს .