შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ნავთობზე დაწესებულ შეღავათებს აუქმებს. გადაწვეტილება გულისხმობს, რომ ქვეყნები რომლებიც ირანულ ნავთობს მოიხმარენ, აღარ იქნებიან გათავისუფლებული ამერიკული სანქციებისგან.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები გასულ წელს განაახლა, მას შემდეგ რაც 2015 წლის ირანის ბირთვული განიარაღების შეთანხმება დატოვა.
სანქციების მიზანი, ადმინისტრაციის თქმით, ირანის „მავნე ქმედებების“ შეწყვეტაა, მათ შორის სირიაში, პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის და იემენში ამბოხებული ჰუტების მხარდაჭერა.
“მიზანი უბრალოდ უკანონო რეჟიმისთვის დაფინანსების შეზღუდვაა, რომელსაც ირანი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის იყენებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
შეერთებულმა შტატებმა, მას შემდეგ რაც სანქციები განაახლა, ირანის ნავთობის მთავარი მომხმარებლებისთვის რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. მათ შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი. მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები განაახლა იტალიამ, საბერძნეთმა და ტაივანმა ირანული ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს.
ჯერჯერობით ნათელი არაა, მოეთხოვებათ თუ არა ამ ქვეყნებს, 2 მაისს შეღავათების გაუქმებასთან ერთად, იმპორტის შეწყვეტა, თუ მათ დამატებითი დრო მიეცემათ შესყიდვების შესამცირებლად იქამდე, სანამ ჯარიმები დაწესდება.
მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, სხვა ხელმომწერები: ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია რჩებიან შეთანხმების ნაწილად.