აშშ–მ Huawei ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ცნო და შავ სიაში შეიტანა

აშშ–ს ვაჭრობის სამინისტრომ გადაწყვიტა ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Huawei შავ სიაში შეიტანოს “ქმედებების გამო, რომლებიც აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.“
Huawei–სთან ერთად შავ სიაში მოხვდება მასთან დაკავშირებული კიდევ 70 კომპანია. ამერიკელ კომპანიებს, რომლებიც Huawei–ს რომელიმე მოწყობილობას ყიდიან ხელისუფლების სპეციალური ლიცენზია დაჭირდებათ. “ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის უცხოელების კუთვნილ კომპანიებს ამერიკული ეტქნოლოგიები ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ხელყოფისთვის გამოიყენონ“– ნათქვამია ამერიკის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.
ამერიკული ხელისუფლება ჩინურ კომპანიას ირანისთვის აკრძალული მომსახურების გაწევაში სდებს ბრალს ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, ასევე აშშ–ში ამ დარღვევების გამოძიების მსვლელობისას მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლაში ადანაშაულებს.
გუშინ აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკული საინფორმაციო– საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უცხოური საფრთხეებისგან დასაცავად საგანგებო რეჟიმს აწესებს.
თუმცა, ბრძანებაში არცერთი კონკრეტული კომპანია ნახსენები არ არის.გასული წლის აგვისტოში კი ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აშშ–ს სახელმწიფო უწყებებს აეკრძალათ ჩინური Huawei–ს და კიდევ ერთი ჩინური კომპანია ZTE–ს მიერ წარმოებული მოწყობილობების გამოყენება.
ტრამპის ბრძანებას ხელი იმ მომენტში მოეწერა, როცა ვაშინგტონი და პეკინი მოლაპარაკებებს განაგრძობენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის შესაწყვეტად.ვაშინგტონი თვლის, რომ Huawei–ს ტექნოლოგიები შესაძლოა ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ იქნას გამოყენებული . თავად კომპანია მსგავს ბრალდებებს უარყოფს.
ცოტა ხნის წინ აშშ–მ განაცხადა, რომ ხელს შეუშლის 5G ქსელების შექმნისას Huawei–ს მოწყობილობების გამოყენებას როგორც აშშ–ში, ისე სხვა ქვეყნებში.