აშშ-მ ნიკოლას მადურო ნარკოტერორიზმში ჩართულ დამნაშავედ გამოაცხადა და მის დაკავებაზე ჯილდოს სახით 15 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.
აშშ-ის გენერალური პროკურორის უილიამ ბარის ინფორმაციით, ნიკოლას მადურო ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩართული და მისი რეჟიმი მილიონობით ადამიანის უფლებას არღვევს.
,,ვენესუელელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან, წარმომადგენლობით ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხის საჭიროებებს და რომელიც არ არის ჩართული ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში,”- თქვა უილიამ ბარმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს.
ამ დროისთვის მადურო ვენესუელის პრეზიდენტად რჩება და ძალოვანებს მართავს, თუმცა იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით თავი დროებით პრეზიდენტად გამოცხადა. ის მადუროს უზურპატორს უწოდებს და აქციებზე მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
გუაიდოს ლეგიტიმურობას აღიარებს ლათინური ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველო. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.