აშშ-ს საელჩო გიგი უგულავას დაკავების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ს საელჩო საქართველოში  ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს ელჩი იმედგაცრუებულია, რადგან რისკის ქვეშ დადგა საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგი.

“აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს.

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”-აღნიშნულია  საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.