აშშ-სა და კანადაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ

ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, აშშ-სა და კანადაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ. მაღალი ტემპერატურა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ბოსტონში დაფიქსირდება, სადაც დაახლოებით 200 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC”-ი ავრცელებს.

მომდევნო 24 საათში რეკორდულად მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით ნიუ-იორკის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბილ დე ბლასიომ მოსახლეობას მოუწოდა, ტემპერატურის მატებას სერიოზულად მიუდგნენ და შესაბამისი ზომები მიიღონ. ნიუ-იორკის მერის განმარტებით, მსგავსი ტემპერატურა ქალაქში ათწლეულის განმავლობაში არ ყოფილა. საგანგებო ზომები მიიღეს აშშ-ის სხვა ქალაქებშიც. 

ანომალიურად მაღალი ტემპერატურის ტალღა კანადის ცალკეულ რეგიონებსაც მოიცავს. ტორონტოში სინოპტიკოსები 40 გრადუს ცელსიუსს პროგნოზირებენ.