აშშ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ტურისტულ ვიზაზე უარს ეუბნება

სახელმწიფო დეპარტამენტმა არა-საიმიგრაციო, ტურისტული და ბიზნეს მიზნებისთვის B ტიპის ვიზაზე უარის სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მოქალაქე, ვიზის აპლიკანტთა ნახევარზე მეტს ვიზაზე უარს ეუბნება. B-1 ვიზა ბიზნეს ვიზიტისთვის გაიცემა, ხოლო B-2 ტურისტული და სამედიცინო მიზნებით მოქმედებს შეერთებულ შტატებში. სტატისტიკა მხოლოდ ამ ტიპის ვიზებს შეეხება.

უარის მაჩვენებელი 2019 საბიუჯეტო ( ფისკალური) წლის მონაცემებით (30 სექტემბრამდე), საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, 63.85 პროცენტს უდრის. ქართველების შემთხვევაში, ამერიკის საკონსულოს უარის თქმის პროცენტული მაჩვენებელი, რეგიონში ყველაზე მაღალია. შედარებისთვის, სომხეთში ეს მაჩვენებელი 51.65 პროცენტია, აზერბაიჯანში 25.45%, ხოლო რუსეთში 15.19 %. თურქეთში უარს 19.19 პროცენტს ეუბნებიან.

გასულ ფისკალურ წელს, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 62,3 პროცენტს უდრიდა. თუმცა, 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეებზე, შეერთებულმა შტატებმა სულ 6,332 სხვადასხვა ტიპის ვიზა გასცა. მათი უმეტესობა, სწორედ, რომ B ვიზაა.

წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით, საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ 18 ქვეყანას აქვს.

ვიზაზე უარის თქმის ხშირ მიზეზებს შორის არის:

* აპლიკაციის შევსებისას დაშვებული შეცდომები,
*ვერ დადასტურება, რომ პირი არ გეგმავს შეერთებულ შტატებში ემიგრაციას,
*არასაკმარისი ფინანსური რესურსი შეერთებულ შტატებში დროის დასაყოფად
*ვიზის მიღებისთვის თაღლითობა და ტყუილი
*წინა შემთხვევებში, ვიზის გასვლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში დარჩენა
*ნასამართლეობის გარკვეული შემთხვევები

მნიშვნელოვანია, რომ ვიზა შეერთებულ შტატებში შესვლის გარანტიას არ იძლევა. საბოლოო გადაწვეტილებას იმაზე, შეუშვას თუ არა პირი შეერთებულ შტატებში სასაზღვრო პუნქტზე, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელი იღებს.

წყარო: ამერიკის ხმა