აშშ–ს ფედერალური მთავრობა პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა განაჩენს აღასრულებს.
გენერალური პროკურორის, უილიამ ბარის განცხადებაში ნათქვამია, რომ მან განკარგულება გასცა, სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა მზადება დაიწყოს ხუთი პატიმრის სიკვდილით დასჯისთვის.
ბარის თქმით, ხუთივე მათგანი ბავშვების და მოხუცების გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით არის გასამართლებული.სიკვდილით დასჯა 2019 წლის დეკემბერში ან 2020 წლის იანვარში უნდა შედგეს.
იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ, განსხვავებით ზოგიერთი შტატისგან 2003 წლის შემდეგ სიკვდილით დასჯაზე არაფორმალური მორატორიუმი გამოაცხადა. ამ წელს აშშ–ში სიკვდილით 53 წლის ლუის ჯონს უმცროსი დასაჯეს – სპარსეთის ყურეში პირველი ომის ვეტერანი, რომელმაც 19 წლის სამხედრო მოსამსახურე, ტრეისი ჯოი მაკბრაიდი მოკლა.
აშშ–ში სასამართლო საქმეების ნაწილი ფედერალურ დონეზე განიხილება, ნაწილი კი შტატების დონეზე. ზოგიერთი დანაშაული – მაგალითად ყალბი ფულის დამზადება, ავტომატურად ხვდება ფედერალურ სასამართლოში. გარდა ამისა, ფედერალური სასამართლოები განიხილავენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს.
1972 წელს აშშ–ს უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა გააუქმა როგორც ფედერალურ, ასევე ზოგიერთი შტატის დონეზე. 1976 წელს უზენაესმა სასამართლომ ზოგიერთ შტატს სიკვდილით დასჯის აღდგენის უფლება მისცა. 1988 წელს კი მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომელმაც სიკვდილით დასჯა ფედერალურ დონეზე აღადგინა.ამ მომენტისთვის ფედერალურ ციხეებში 62 სიკვდილმისჯილი იმყოფება.
სიკვდილით დასჯაზე 16 წლის მანძილზე აშშ–ში ოფიციალური მორატორიუმი არ გამოცხადებულა, თუმცა ადმინისტრაციულმა შეფერხებებმა, მეტისმეტად ხანგრძლივმა აპელაციებმა და პრაქტიკულმა პრობლემებმა, ასევე სიკვდილმისჯილთა შედარებით მცირე რაოდენობამ არაფორმალური მორატორიუმი გამოიწვია.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა სიტუაცია შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ში სიკვდილით დასჯისთვის აუცილებელი ქიმიური პრეპარატების რაოდენობა არასაკმარისია.
წარსულში ტრამპი მკაცრ განცხადებებს აკეთებდა დამნაშავეების მიმართ და ამტკიცებდა, რომ მათ მეტისმეტად კარგად ექცევიან და აპელაციებისთვის მეტისმეტად ბევრ შანსს აძლევენ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, სიკვდილით დასჯის მომხრე კვლავ ამერიკელთა უმრავლესობაა, თუმცა მომხრეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.