აშშ–ში უძველესი ხეების კვალი იპოვეს. მათი ასაკი 300 მილიონი წელია

მეცნიერებისთვის დღემდე ცნობილი ყველაზე ძველი ხეების გაქვავებული ნარჩენები აშშ–ში, ნიუ იორკის შტატში, ქალაქ კაიროში, მიტოვებულ კარიერში იპოვეს. მათი ასაკი სავარაუდოდ 368 მილიონ წელს აღწევს.

მეცნიერები თვლიან, რომ ეს ხეები იმ ტყის ნაწილი იყო, რომელიც შტატის ამჟამინდელი საზღვრების მიღმა, დიდ ფართობზე იყო ვრცელდებოდა.

ეს ნამარხი ხეები ორი ან სამი მილიონი წლით უფრო ხანდაზმულები არიან წინა აღმოჩენასთან შედარებით, რომელიც ასევე ნიუ იორკის შტატში, გილბოაში გაკეთდა.

ეს აღმოჩენა ხეების ევოლუციის საკითხში ბევრ რამეს ფენს ნათელს.

გათხრები მდინარე გუძონის ხეობაში კატსკილის ქედის ძირში ათი წლის წინ დაიწყო. გათხრებს ბრიტანული კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერები ამეკერიელ კოლეგებთან ერთად ატარებენ ბირმინგემის უნივერსიტეტიდან და ნიუ იორკის შტატის მუზეუმიდან.

ამ დროის მანძილზე მათ ტყის დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ტყეში გადაშენებული მცენარეების მინიმუმ ორი კლასი – კლადოქსილეა და არქეოპტერისი იზრდებოდა. მესამე სახეობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.

მეცნიერებმა დასკვნები სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოაქვეყნეს.


ეს არის ერთ–ერთი უძველესი ადგილი, სადაც დევონური ხანის შუა პერიოდის დროინდელი ხეების კვალი გვხვდება – ამბობს კარდიფის უნივერსიტეტის პალეობოტანიკოსი კრის ბერი.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს ძალიან გრძელი ფესვები, რომლებმაც შეცვალეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიწოვენ მცენარეები ნიადაგიდან წყალს.

“ეს ძალიან ძველი ტყეა, იმ პერიოდის დროინდელი, როცა პლანეტა გამწვანებას იწყებდა და ტყეები დედამიწის ეკოსისტემის ნაწილი ხდებოდა“– ამბობს ბერი.

ვარაუდობენ, რომ ტყე ტერიტორიის წყლით დაფარვის შედეგად დაიღუპა. მეცნიერებმა კარიერში ნამარხი თევზების ნარჩენები იპოვეს.

რატომ არის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანი

პალეობოტანიკოსების აზრით ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ნიუ იორკის შტატში მდებარე კარიერის შესწავლა მეცნიერებს იმის გაგებაში დაეხმარება, როგორ მოხდა მცენარეთა ევოლუცია და როგორ შთანთქავენ ისინი ნახშირორჟანგს ატმოსფეროდან.

მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აღმოჩენილი ნამარხი ხეები მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილ ყველაზე ძველ ტყეებს განეკუთვნება. თუმცა პალეონტოლოგია სიურპრიზებით არის სავსე და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩნების პროცესი გაგრძელდება.